დახურულია თუ არა სოკოს საწარმო?

2022-02-09 22:45:02

"სოკოს საწარმოზე, რაც შემიძლია გითხრათ, ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან არაერთგზის დაჯარიმდა და გაიგზავნა კონკრეტული მოთხოვნა საწარმოო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. ამ წუთას რა ეტაპზეა ეს საკითხი, სამწუხაროდ, მე ზუსტი დეტალების თქმა გამიჭირდება", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განუცხადა.

საინფორმაციო სააგენტომ თანდილაშვილს კითხვა დაუსვა მოსახლეობის ეჭვებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, "თეთრ ქუდში" საწარმოო პროცესის შეჩერების მიუხედავად, კომპოსტირების პროცესი მაინც გრძელდება და ეს ქალაქში უსიამოვნო სუნის წყარო ხდება, თუმცა მინისტრის მოადგილეს კონკრეტული პასუხების გაცემა გაუჭირდა და გვითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ფლობს.

"ბოლო ინფორმაცია ხელთ არ მაქვს, ამიტომ არასწორი იქნება ჩემი მხრიდან, რომ ამ საკითხზე არასწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ზედამხედველობის სამსახურმა დამატებით ინფორმაცია მოგაწოდოთ”, - განაცხადა თანდილაშვილმა.

შეგახსენებთ, გასული წლის აგვისტოს თვეში ცნობილი გახდა, რომ დარღვევების გამო, სოკოს საწარმოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა მას შემდეგ რუსთაველები უსიამოვნო სუნით არაერთხელ შეწუხდნენ.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, "თეთრი ქუდის" ხელმძღვანელებთან კომუნიკაციის რესურსი ამოწურულია და აპირებს, რომ გარემოს დაცვის მინისტრთან საწარმოს სრული დახურვის საკითხი დააყენოს, იქამდე სანამ კომპანია კანონით გათვალისწინებულ ნორმებს არ დააკმაყოფილებს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები