კომპანია „მაგთიკომი“ და "ბილაინი" ტარიფებს აძვირებს.
„მაგთის“ მომხმარებელმა კომპანიისგან უკვე მიიღო SMS-შეტყობინება, რომლის თანახმად, 10 თებერვლიდან 25-ლარიანი ე.წ. „კოქტეილი“ ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
„გაითვალისწინეთ, რომ 10.02.22-დან კოდებზე - 2525 ან 2552 - დარეკვით გააქტიურდება „კოქტეილი 30“. ამავე თარიღიდან აღარ იქნება შესაძლებელი „კოქტეილი 25“-ის ჩართვა. თქვენთვის სასურველი სხვა კოქტეილის შესარჩევად ეწვიეთ აპლიკაციას MyMagti.
ასევე, 10.02.22-დან გაუქმდება "კოქტეილი 25"-ის ავტომატური განახლება და მის ჩანაცვლებას შეძლებთ „კოქტეილი 30“-ის ან თქვენთვის სასურველი სხვა პაკეტის ავტომატური განახლებით“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში, რომელიც მომხმარებელმა მიიღო.
გარდა ამისა, ძვირდება ინტერნეტ-პაკეტიც, მაგალითისთვის, ულიმიტო ერთდღიანი ინტერნეტ-პაკეტის შეძენა ამ დრომდე 1 ლარი ღირდა, თებერვლიდან კი ტარიფი 1.5 ლარი იქნება.
რაც შეეხება ბილაინს, აბონენტებს სტანდარტული ტარიფები უძვირდებათ. თუ კონკრეტული პაკეტის მომხმარებელი არ ხართ, 7 თებერვლიდან ადგილობრივ ქსელში საუბარი 10 თეთრის ნაცვლად 14 თეთრი დაგიჯდებათ.
“გაცნობებთ, რომ 7 თებერვლიდან "ბილაინის" სტანდარტული ტარიფის პირობებში შედის ცვლილება: 1 წუთის ღირებულება ყველა ადგილობრივ ქსელთან სასაუბროდ იქნება 0,14₾, ხოლო ზარის წამოწყება - 0,10 ₾.
სტანდარტული ტარიფი ზარის განხორციელებისას მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ნომერზე არ არის გააქტიურებული სასაუბრო პაკეტი ან „ყველაფერი მაქსი“-ს რომელიმე ტარიფი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბალანსზე სასაუბრო წუთების არარსებობის შემთხვევაში ზარის განხორციელებისას თანხის ჩამოჭრა ხდება ძირითადი ბალანსიდან.
სტანდარტული ტარიფის დანარჩენი პირობები რჩება უცვლელი: 1MB - 0,10₾, 1 SMS - 0,01₾”, - ნათქვამია განცხადებაში.