ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სხდომათა დარბაზში შეხვედრის ან სხდომის ჩატარება შეუძლია საკრებულოში წარმოდგენილ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს წინასწარი წერილობითი მომართვის საფუძველზე, რაც აქამდე არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან არ დაფიქსირებულა.
"კანონის მიხედვით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრის ან სხდომის ჩატარება შეუძლია საკრებულოში წარმოდგენილ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს წინასწარი წერილობითი მომართვის საფუძველზე. აღნიშნულ პროცედურას არეგულირებს კანონი და საკრებულოს რეგლამენტი. დღემდე არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან არ დაფიქსირებულა ოფიციალური წერილობითი განცხადება სხდომის მოწვევასთან ან შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ბერიძე აღნიშნავს, შეხვედრისთვის, რომელის ჩატარებაც საკრებულოს სხდომათა დარბაზში სურდათ, საჭირო არაა წერილობითი ფორმით განცხადების დაწერა.
"წერილობითი ფორმა არ არის აუცილებელი, საკრებულოს რეგლამენტში წერია, რომ აპარატმა უნდა უზრუნველყოს საკრებულოს წევრი ტექნიკური საშუალებებით. რაც გვჭირდება ხოლმე საკრებულოში სიტყვიერად ვაფრთხილებთ და სიტყვიერად ვიღებთ ამის პასუხს. სად წერია, რომ წერილობითი მოთხოვნის საფუძველი უნდა იყოს, რეგლამენტის პუნქტი გვაჩვენოს.
ხვალ დილით ათ საათზე ვიქნებით ადგილზე და შევალთ საკრებულოს დარბაზში, როგორც კი გაიხსნება. იმედია, გამოცხადდებიან სამსაახურში და დღევანდელივით უპასუხისმგებლოდ არ მოიქცევიან", - აცხადებს ალექსანდრე ბერიძე.
შეგახსენებთ, დღეს ენმ-დან რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვლის მოთხოვნით საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მათი თქმით, აპარატის წარმომადგენლებისგან მიიღეს პირობა, რომ სხდომათა დარბაზში სამუშაო შეხვედრის ჩატარებას შეძლებდნენ, თუმცა მოგვიანებით ამისი საშუალება არ მიეცათ.