2026-10-25 18:17:56
კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებით, მისი შვილის საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა.
"ჩემს შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა. დამირეკეს და მითხრეს, მიხედეთ გიორგისო. ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწოდა ინფორმაცია. ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრეს, „სასტავი“ არის შესულიო... არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან“,- ამის შესახებ კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა განაცხადა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმები ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ: "გიორგი ფეიქრიშვილი საკანში 24-საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ არის. მასთან არ შესულა ვატო ყიფიანი. ის საკანში მარტო არის. თუ ოჯახს სურვილი ექნება ადვოკატს შეუძლია შევიდეს ციხეში და მოინახულოს“.