"გარდაცვალების ასეთი მაჩვენებელი არასდროს არ ყოფილა"

2021-12-10 10:46:05

ნოემბრის თვეში კორონავირუსული ინფექციით რუსთავის სამ კოვიდკლინიკაში 93 ადამიანი გარდაიცვალა.

სტატისტიკური მონაცემები საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებებიდან მიაწოდეს.

კლინიკა "რუსთავში" კოვიდინფექციას ნოემბერში 33 პაციენტი ემსხვერპლა.

40 ადამიან გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოში. კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 31 წლის ქალი იყო, რომელიც მათთან სართიჭალიდან შეიყვანეს. მისივე ცნობით, გარდაცვლილს შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არცერთ მათგანს არ ჰქონია გაკეთებული.

"გარდაცვალების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არასდროს არ ყოფილა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" პაატა პაატიშვილმა.

30 პაციენტი გარდაიცვალა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრს. კლინიკური დირექტორის მანანა კაპანაძის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის მამაკაცი იყო, რომელიც მათ კლინიკაში დაგვიანებით შეიყვანეს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მარდალეიშვილის კლინიკაში ნოემბერში გარდაცვლილ არცერთ პაციენტს არ ჰქონია გაკეთებული.

კლინიკებში აცხადებენ, რომ გასულ თვეში გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე იყო. ნოემბერში სამივე კლინიკაში მიმართვიანობის მაჩვენებელი მაღალი იყო, რის გამოც კლინიკებში ძირითადად თავისუფალი ადგილები არ იყო. კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შორის კი ბევრი მძიმე პაციენტი იყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები