"მსგავსი არ ყოფილა არცერთ ტალღაზე, ეს არის კატასტროფა"

2021-11-10 19:03:16

რუსთავის კოვიდკლინიკებში თავისუფალი ადგილები არა აქვთ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას ცენტრალური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა პაატიშვილმა განაცხადა, გაზრდილია მძიმე პაციენტების რაოდენობა.

"17 მძიმე პაციენტია, რომელიც ძალიან მაღალი რისკის ქვეშაა. მიმღებ განყოფილებაში ჩვენ ვეღარ ვიღებთ პაციენტებს. მსგავსი არ ყოფილა არცერთ ტალღაზე, ეს არის კატასტროფა. ყოველი დღე წინაზე უარესია. მატულობს და მატულობს ხალხის რაოდენობა",- განაცხადა პაატიშვილმა.

სავსეა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრიც. როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, მანანა წერეთელმა განაცხადა, რეანიმაციული განყოფილება, სადაც 14 საწოლია, სავსეა.

"თავისუფალი მხოლოდ თერაპიული 10 საწოლი გვაქვს, ესეც დღის განმავლობასი გაწერილი პაციენტების ხარჯზე. ინტენსიური მთლიანად სავსეა 33 საწოლი. ასევე სავსეა რეანიმაციული განყოფილებაც. ზოგადად მძიმე კონტიგენტია",- განაცხადა მანანა წერეთელმა.

ფოტო არ ასახავს რეალობას.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები