რატომ "იტყუება" სწრაფი ტესტი

2021-11-22 14:12:28

მოქალაქეები კოვიდის სწრაფი ტესტის ცრუ პასუხებზე სოციალურ ქსელში ხშირად წერენ.

არასწორი დიაგნოსტიკა ინფიცირებულ პირებს კოვიდინფექციის გამოვლენაში უშლის ხელს. იმის გამო, რომ შესაძლოა სწრაფი ტესტი შეცდეს, პაციენტი, ერთი მხრივ, რჩება სათანადო სამედიცინო დახმარების გარეშე და მეორე მხრივ, უარს ამბობს თვითიზოლაციაზე და ინფიცირების წყარო ხდება სხვისთვისაც.

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების მგრძნობელობა 85-90%-მდე მერყეობს, თუმცა, თავის მხრივ, მოქალაქეებსაც შეუძლიათ გაზარდონ სწორი დიაგნოსტიკის ალბათობა, თუ კვლევას შესაბამის დროს ჩაიტარებენ.

"ინფო რუსთავი" კითხვით, სიმპტომების გამოვლენიდან რამდენ დღეშია მიზანშეწონილი სწრაფი ტესტის ჩატარება, რუსთავის N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, რუსუდან ადამიას დაუკაშვირდა.

როგორც ადამია განმარტავს, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი სიმპტომატიკის დაწყებიდან 72 საათში, ანუ 3 დღე-ღამეში ჩატარდეს. 

"როცა წამოვა ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და სხვა კოვიდისთვის დამახასიათებელი ჩივილები, უმჯობესია, რომ აქედან 72 საათში ჩატარდეს სწრაფი ტესტი. პასუხი 3 დღე-ღამის შემდეგ რომ იყოს მცდარი, ამის შანსი ბევრად ნაკლებია", - აცხადებს რუსუდან ადამია.

იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ შესაბამის დროს ჩაიტარეთ კვლევა, პასუხი უარყოფითია, თუმცა სიმპტომურად არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ინფიცირებული იყოთ, "ოქროს სტანდარტად" წოდებული PCR ტესტი, რომელიც მეტი სიზუსტისა და სანდოობის მქონე კოვიდდიაგნოსტიკის საშუალებაა, ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია.

"თუ გრძელდება კოვიდისთვის დამახასიათებელი ჩივილები, ან კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და ჩივილებიც გამოუვლინდა, მაშინ 72 საათში ისევ გამეორდება სწრაფი ტესტი და არდადასტურების შემთხვევაში, ჩაუტარდება პისიარ ტესტირებაც", - აცხადებს N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.




ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები