ნინო ლაცაბიძის პირველი კომენტარი არჩევნების დასრულების შემდეგ [video]

2021-10-31 13:53:04

"დამაჯერებელია ის გამარჯვება, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა მოვიპოვეთ", - ასე გამოეხმაურა პირველად შედეგებს "ინფო რუსთავთან" ცესკო-ს მონაცემებით, რუსთავის მერობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ნინო ლაცაბიძე.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რუსთავს უნდა განვითარება და არა წარსულში დაბრუნება, რაც მე-2 ტურში დამტკიცდა.

"დამაჯერებელია ის გამარჯვება, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა მოვიპოვეთ ამ 2 ტურის განმავლობაში, სადაც ვცდილობდით, რომ იმ პროგრამაზე გვესაუბრა, რომელიც გვქონდა და რაც ყველაზე მთავარია, მიგვეტანა მოსახლეობასთან და გაგვეცნო ის გეგმები, რის გაკეთებასაც ვაპირებთ მომავალში.

ყველაფერს მოსახლეობის განწყობებით ვხვდებოდით მეორე ტურში. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ სადღაც გვეგონა ისედაც მოიგებდით, ამიტომაც ისეთი მობილიზება არ იყო ადამიანების, მეორე ტურში ეს მობილიზება ყველამ ერთად შევძელით რუსთავში. დავასრულეთ ნაციონალური მოძრაობა, გადავედით მეგობრობაზე და საქმის კეთებაზე. ვნახეთ, რომ რუსთავს უნდა განვითარება და არ უნდა წარსულში დაბრუნება", - განაცხადა ლაცაბიძემ.

"ინფო რუსთავმა" ლაცაბიძეს ჰკითხა, რამდენად კოორდინირებულად შეძლებს ოპოზიციურ საკრებულოსთან მუშაობას და შეუშლის თუ არა ეს ხელს მის საქმიანობას. მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა ოპოზიციისათვის.

"ნინო ლაცაბიძის საქმიანობას არა, ქალაქის განვითარებას არ უნდა შეუშალოს ხელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას კარგად გაიაზრებენ ოპოზიციური პარტიები. ის, რომ საკრებულოში არ გვაქვს უმრავლესობა, მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას. დემოკრატიული პროცესია, ახალი პოლიტიკური რეალობა და პირიქით, შესაძლებლობას ვაძლევთ ოპოზიციას, რომ საქმე აკეთოს. გულზე ხელს რომ იცემენ, რუსთავი გვიყვარსო, ახლა გვანახოს ყველამ, ვის უყვარს რუსთავი, ვინ იცის საქმის კეთება და ვის უნდა რეალურად, რომ ამ ქალაქში განვითარება იყოს. ეს არის ოპოზიციისთვის შესაძლებლობა, გვანახოს რეალურად უყვარს თუ არა ეს ქალაქი და აპირებს თუ არა პროექტებს, რომლებსაც ჩვენ შევიტანთ საკრებულოში, ქალაქის სასარგებლოდ დაუჭერს მხარს, თუ დარჩება იმ დესტრუქციაში, რასაც ვხედავთ წლების განმავლობაში", - განაცხადა ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რუსთავის მერობის არჩევნებში ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა, მან ხმათა 53,717%, დავით კირკიტაძემ კი 46.283% მოიპოვა.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები