მინისტრს ეკოლოგიურ პრობლემებზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდეს [video]

2021-10-28 21:20:46

რუსთავში, ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი, "ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, რუსთაველი პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და საწარმოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქის წინაშე მდგარ ეკოლოგიურ გამოწვევებს.

როგორც რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინი ლაცაბიძემ აღნიშნა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპორექტის აღსრულების ეფექტურ მექანიზმზე მუშაობა.

"ყველანი ვთანხმდებით და სულ ვიმეორებთ, რომ ეკოლოგია და ეკონომიკა უნდა იყოს ერთმანეთთან თანხვედრაში და ეკონომიკა არ უნდა იზრდებოდეს ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. ამიტომ ჩვენ, მთავრობა, რომელსაც გაგვაჩნია პასუხისმგებლობა, ძალიან დიდი დაკვირვებით ვუდგებით იმ საკითხს, რომ ერთის მხრივ ქალაქში გაძლიერდეს ეკონომიკა და მეორეს მხრივ, რუსთავი იყოს ეკოლოგიურად სუფთა.

პარლამენტში მიღებული კანონის აღსრულება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ, აქ უნდა ვიყოთ უკომპრომისო, მე მაპატიეთ, მაგრამ ძალიან რთულია ემოციის გარეშე შეხედო იმას, რომ შენი შვილები იზრდებიან ამ გარემოში. კანონი მივიღეთ, მაგრამ ახლა ჯერია აღსრულებაზე.

აუცილებელია და მე მინდა ბატონო ლევან თქვენც გთხოვოთ, შევქმნათ საინფორმაციო პლატფორმა. კანონის აღსრულების რა ნაბიჯებს ვდგამთ ყველანი ერთად, აუციელებლია იცოდეს მოსახლეობამ. მერწმუნეთ, დღეს ამ ინფორმაციის ნაკლებობა გვაქვს ქალაქში და ეს ნაწილიც უნდა გავააქტიუროთ", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინიტრომ ამ კუთხით განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტიური სამუშაოები გაატარა, თუმცა, შესაძლებელია, მთავრობა იძულებული გახდეს, წლის ბოლოსთვის გარკვეული საწარმოები დახუროს.

"ერთხელდასაუდამოდ მე პირობას ვიძლევი თქვენს წინაშე, რომ საწარმოები, რომლებიც არ შეასრულებენ ამ საკანონმდებლო მოთხოვნებს, გაჩერდებიან. გარკვეული ვადა მათ რაღაცების გასაკეთებლად სჭირდებოდათ, უბრალოდ საქართველოში ბიზნესი ბევრი წლის განმავლობაში შეეჩვია, რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს იღებს და მერე უკან იხევს. ჩვენ პრინციპულად დავდექით ერთ აზრზე და არანაირად არ გადავწიეთ ვადა აღსრულების, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანმოკლე იყო ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, მაგრამ ეს იყო პრინციპული და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მათ ეს პროცესი დაეწყოთ.

ვფიქრობ, მეტი მუშაობაა საჭირო ჩვენი მხრიდანაც ბიზნესთან, მაგრამ მუშაობასთან ერთად არის ძალიან მკაფიო ჩემი გადაწყვეტილება, რომ წლის ბოლოდან, ანუ 2022 წლის იანვრიდან, ეს იქნება ალბათ გარკვეული ზომიერი ვადა, რომ საწარმოები, რომლებიც არ იქნებიან ნორმებთან შესაბამისობაში, უკიდურესი ზომების წინაშე აღმოჩნდებიან.

მე მესმის, რომ ეს შეიძლება ძალიან მძიმე იყოს, ეს ადამიანების სამუშაო ადგილებს უკავშირდება, მაგრამ ჩვენ შეიძლება მართლაც დახურვის გზით წავიდეთ ყველა ამ საწარმოსი.

მემსის, რომ 2 თვეში რაღაცას ვერ გააკეთებ, მაგრამ წელიწადსა და 2 თვეში ნამდვილად უნდა აკეთებდე და აქ არის მთელი სიმართლე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები