იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და გრიპის ვირუსის ვაქცინაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულებულია.
„საქართველოში 3 სექტემბრიდან დაიწყო გრიპის სეზონი, ალბათობა იმისა, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში კორონავირუსთან ერთად, გრიპით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატოს, ძალიან დიდია. ორი ვირუსის ერთდროულად მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში სერიოზულად ზრდის, როგორც საავადმყოფოში მოხვედრის, ისე მდგომარეობის დამძიმების და გარდაცვალების რისკს. ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ გრიპის ვირუსის წინააღმდეგაც.
კორონავირუსის ვაქცინაციას აუცილებლად უნდა დაემატოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაც, რაც მოგვცემს შესაძლებლობას თავიდან ავიცილოთ ერთი და იმავე ადამიანში ორი ვირუსის მოხვედრა, ინფიცირება და გართულების მაღალი რისკი,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
როგორც პრესკონფერენციაზე ივანე ჩხაიძემ განაცხადა, გრიპის ვაქცინის 200 000 დოზა უკვე საქართველოშია.
ამასთან, ჩხაიძე ამბობს, რომ გრიპის ვაქცინის გაკეთებიდან 2 კვირა უნდა გავიდეს, რათა იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს.
„ჯამში, 200 000 დოზა არის შეძენილი. ეს არის ის დოზა, რომელსაც საქართველო რისკჯგუფებში გამოიყენებს. ეს რისკჯგუფები წინასწარ განსაზღვრულია. გრიპის ვაქცინების პირველი პარტია გამოყენებული იქნება სამედიცინო მუშაკებში, ორსულებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც გადანერგილი აქვთ ორგანო, ან არიან თირკმლის ხელოვნურ დიალიზზე.
ბოლო 4 დღეა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, 2000-ზე მეტია, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებაზე. ინფიცირებულთა საერთო წილში 10-15% ბავშვებზე მოდის“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.