მოსწავლეთა მშობლებს ხშირად აღელვებთ მძიმე ჩანთის, საკლასო ოთახებში გაუკონტროლებელი ჯდომის მანერა თუ შემცირებული ფიზიკური აქტივობა და ამის ფონზე, ორთოპედიული პრობლემების განვითარება. მართალია, უკვე მეორე წელია, რაც სწავლა დისტანციურ ფორმატში იწყება, თუმცა, ამან კიდევ დამატებითი პრობლემები შეუქმნა მათ. ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ვერტებროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ბავშვთა და მოზრდილთა ხერხემლის ცენტრის ხელმძღვანელი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, ირაკლი ვარძუკაშვილი საუბრობს, რა ტიპის ჩივილების დროს უნდა მიმართონ მოსწავლის მშობლებმა აუცილებლად ორთოპედს და რა უნდა გაითვალისწინონ ონლაინსწავლების დროს:
- ესაა ვიზუალურად გამოხატული დისბალანსი - მხრებისა
და ბეჭების ასიმეტრია, მენჯის მაღლა დგომა, როგორც კი ამას შეამჩნევენ მშობლები, აუცილებელია მიმართონ ექიმ ორთოპედს, რათა განისაზღვროს ეს დისბალანსი კუნთოვანია თუ ძვლის დეფორმაციიდან გამომდინარეობს.
- ხშირად გაიგონებთ, რომ საკლასო ოთახში არავინ აკონტროლებს ბავშვების ჯდომის ფორმას. როგორ უნდა იჯდეს ბავშვი სინამდვილეში გაკვეთილზე, რომ არც ზურგი დაეღალოს და არც არასწორად ჯდომის მანერა ჩამოუყალიბდეს? ყოველთვის გამართული უნდა იჯდეს?
- ხერხემლის მთვარი დატვირთვა იწყება მაშინ, როცა ბავშვი მიდის პირველად სკოლაში და ხვდება ე.წ "ჩარჩოებში", რაც განსაზღვრულ წესს უნდა დაემორჩილოს. ბავშვი, შეძლებისდაგვარად, გამართულად უნდა იჯდეს. მაგრამ, ხშირად ეს მისთვის ძნელია. გამართულად და ხანგრძლივად ერთ პოზაში ჯდომაც დისკომფორტსა და ტკივილს იწვევს. ჩემი აზრით, პირველ-მეორე კლასში არ უნდა იყოს მასწავლებლებისგან მოთხოვნა, რომ ბავშვი გამართულად იჯდეს. მას უნდა მივცეთ თავისუფლება გადაადგილებისა და ჯდომის მხრივ, წამოწოლის უფლებაც კი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ, ეს რომ არ გასცდეს ჩარჩოებს, მასწავლებელმა უნდა მოიფიქროს ისეთი აქტივობები, რომლებიც დაკავშირებული იქნება გააქტიურებასთან და მცირე ხნით წამოწოლოსთან. ზოგადად, მითია, რომ არასწორი ჯდომა ხერხემლის გამრუდებას იწვევს. ზურგის კუნთი რომ არ დაიღალოს, მეტი აქტიურობაა საჭირო საკლასო ოთახში.
- როგორი მერხი უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ მშობელმა შეძლოს ამოცნობა, შესაფერისია თუ არა მისი შვილისთვის?
- პირველ რიგში, მერხი უნდა იყოს მყარი და არ უნდა მოძრაობდეს. მერხის საზურგე უნდა წვდებოდეს ბეჭებს, რათა შექმნას სიმყარე, როცა ბავშვი ზურგით მიეყუდება. ასევე, სახიდან დახრილობის კუთხე უნდა შეადგენდეს 30 გრადუსს
- მძიმე ჩანთები კვლავ დაუძლეველი პრობლემაა.
რა შეფარდება უნდა იყოს ბავშვის წონასა და ჩანთის სიძიმეს შორის? რამდენად საშიშია მძიმე ჩანთის ტარება და რა დროის განმავლობაში - ეს მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ეხება თუ 12 წლის ზემოთ მოზადებსაც?
- მძიმე ჩანთას დისკომფორტისა და ტკივილის გამოწვევა შეუძლია, თუმცა ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს. მძიმე ჩანთა შეიძლება იყოს კუნთების ასიმეტრიის წინაპირობა, მაგრამ არა ხერხემლის გამრუდების. ჩანთა უნდა იყოს ორივე მხარზე გადაკიდებული და უნდა იმეორებდეს შეძლებისდაგვარად ზურგის რელიეფს. კუნთების ასიმეტრიის თავიდან აცილების მიზნით, ყველაზე მთავარია დაწყებით კლასებში მოვარიდოთ ბავშვი მუდმივად ჩანთის ტარებას, ამიტომ წიგნები უნდა რჩებოდეს სკოლაში და სახლში ბევრი დავალების მომზადებას არ უნდა სთხოვდნენ. 12 წლის ზემოთ კუნთოვანი სისტემა შედარებით განვითარებულია. ამიტომ იქ პრობლემას ჩანთა არ წარმოადგენს.
- კედები ან ბოტასები შესაფერისი ფეხსაცმელია მთელი დღით ტარებისთვის? როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს ფეხსაცმელს, რომელიც ბავშვს მთელი დღე აცვია?
- თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანი და მითუმეტეს ბავშვი, პასიური გახდა. მთელ დღეებს კომპიუტერთან, ტელეფონთან და გაჯეტებთან ატარებენ და არ არიან ეზოში აქტიურები. ამიტომ, ძალიან მოიმატა ტერფის დეფორმაციებმა, რომლებიც სუპინატორის ხმარებას საჭიროებენ. უნდა შეფასდეს ტერფის კვლევა პლანტოგრაფიის საშუალებით და იმის მერე განისაზღვრება ფეხსაცმლის და/ან სუპინატორის საჭიროება. აღნიშნული კვლევა სასურველია ჩაუტარდეს ყველა ბავშვს 4-5 წლის ასაკში. სულ სწორ ძირიან ფეხსაცმელს სჯობს ვატაროთ ცოტა ამაღლებული ქუსლით ბოტასი ან კედი.
- პანდემიის პერიოდში რა ორთოპედიული პრობლემები გააქტიურდა ბავშვებში და რა იყო ამის მიზეზი?
- პანდემიის პერიოდში ბავშვები ძირითადად სახლში იყვნენ, რამაც კიდევ უფრო მეტად გამოიწვია მათი გაპასიურება. უფრო მეტად მიეჯაჭვნენ კომპიუტერსა და გაჯეტებს. ამან გამოწვია ზურგის კუნთის დასუსტება და მთელი დატვირთვა წავიდა არა კუნთზე, არამედ ხერხემალზე, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ტკივილის ფონის მომატება და ე.წ ოსტეოქონდროზის გაახალგაზრდავება. წინა პლანზე წამოვიდა ხერხემლის კიფოზური დეფორმაცია (როცა ხერხემალი მეტად წინაა მოხრილი).
- თუ 4 ოქტომბრიდან კვლავ დისტანციურად გაგრძელდება სწავლა, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომ ეს ზიანი შეამცირონ, მაგალითად, როგორ მოუწყონ შვილებს სამეცადინო კუთხე, როგორ დაალაგონ ინვენტარი, რამდენი უნდა იყოს კომპიუტერსა და ბავშვს შორის დისტანცია... ზოგადად, რა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვს ორთოპედიული პრობლემა არ შეექმნას?
- თუ სწავლება გაგრძელდა ონლაინ, აუცილებელია, ხშირად განიავდეს ის ოთახი, რომელშიც ბავშვს სწავლების დროს უწევს ყოფნა. დახრილობის კუთხე უნდა იყოს 30 გრადუსი. სკამი უნდა იყოს ბავშვზე მორგებული, რომელიც აუცილებლად უნდა ფარავდეს ბეჭებს და რაც ყველაზე აუცილებელია, ბავშვი უნდა დავაკავოთ ფიზიკური აქტივობებით. ამისთვის საკმარისია დილას 15 წთ და საღამოს 15 წთ აქტივობები.