"გავიგუდეთ-ს" ახალი პროექტი [photo]

2021-09-19 14:33:27

სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ" რუსთავში კიდევ ერთი გამწვანების პროექტს გეგმავს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მოძრაობის ლიდერმა, თიკო მაღედანმა განუცხადა, ამ ეტაპზე კოლეჯი მოდუსის ეზოს გამწვანებას აპირებენ.

გამწვანების აქცია ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საერთო ჯამში 220-მდე მწვანე ნერგი დაირგვება.

"ფოთლოვნების სახეობა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რადგან ვცდილობთ ნერგების მოპოვებას. ვფიქრობთ, რომ არჩევანი აკაკის ხესა და ცაცხვს შორის გავაკეთოთ. გააჩნია, რომლის მოპოვებას შევძლებთ. გარშემო იქნება კვიპაროსები, ხოლო ლოგოს ფორმა ტუიას ბუჩქებით გაკეთდება. პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამით ხორციელდება. დაახლოებით 220 ნერგი დაირგვება",- განუცხადა "ინფო რუსთავს" თიკო მაღედანმა.

მისი თქმით, გამწვანების პროცესში ტექნიკურ დახმარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც გაუწევს.

გამწვანების პროექტისთვის რენდერები კი კვლავ კომპანია "კედარის" არქიტექტორმა გიორგი არევაძემ შექმნა.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ-ს" დახმარებით რუსთავში მე-20 და 24-ე საჯარო სკოლის ეზოები გამწვანდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები