"აჩუქე რუსთავს ჟანგბადი"

2020-11-13 19:26:51

პროექტის "აჩუქე რუსთავს ჟანგბადი" განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, 1 ჰექტარი მიწის ფართობი სრულად გამწვანდება.

პირველ ეტაპზე, ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პროექტის განხორციელებაში წვლილის შეტანის მსურველმა რუსთაველებმა მიიღეს.

მე-20 საჯარო სკოლის რეკრეაციული სტატუსის მქონე ტერიტორიაზე, რომელსაც ასევე იყენებს მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობაც, საერთო ჯამში, ნეკერჩხლის, ფიჭვისა და კედარის 207 ნერგი დაირგვება. 100-ზე მეტი ნერგი კი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილდება.

პროექტი "აჩუქე რუსთავს ჟანგბადი" სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფ "გავიგუდეთ"-ს წამოწყებაა. პროექტის ფარგლებში, მოქალაქეების დახმარებით, მოძრაობას 6000 ლარის შეგროვება უნდა მოეხერხებინა, ამ შემთხვევაში კი თანხას "ორბელიანი საქართველოს" ფონდი აორმაგებდა. ამიტომაც, მოძრაობის დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ პროექტის განხორციელებაში უდიდესი წვლილი სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სექტორთან ერთად, სწორედ მოქალაქეებს მიუძღვით.

"აჩუქე რუსთავს ჟანგბადი" ასევე რუსთავის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. 2021 წლის იანვრიდან, მუნიციპალიტეტი დაფარავს ირიგაციასთან დაკავშირებულ წყლის ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩაერთულია "რუსთავის ინოვაციების ჰაბიც", რომელიც „გავიგუდეთ“-ს 3600 ლარით დაეხმარა.

ნერგები სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფს ველური ბუნების ეროვნული სააგენტომ მიაწოდა, ტერიტორიის გენერალური გეგმა, სარწყავი სისტემის ნახაზი და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით შედგენილი სრული პროექტი კი სრულიად უსასყიდლოდ "ტეტრიქსმა" შექმნა.

ფოტოზე ასახულია, როგორი იქნება სამომავლო პერსპექტივაში მე-20 საჯარო სკოლის ტერიტორია, რომელის გამწვანებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.