რუსთავში უცნაური და საინტერესო ქანდაკება გამოჩნდება (ფოტო)

2017-08-07 22:29:34

რუსთავის საერთაშორის სიმპოზიუმი ერთი თვეა დაიწყო და ნამუშევრების ნაწილი თითქმის დასრულებულია. „ინფო რუსთავი“ დაინტერესდა ამ დროისთვის რა ეტაპზეა სამუშაოები და სად განთავსდება დასრულებული ქანდაკებების ნაწილი. შეგახსენებთ რომ პირველი ქანდაკება "ადამიანი ღამურა" რუსთავის პარკში ხოლო მეორე დასრულებული ქანდაკება "ქალაქის კარიბჭე" ქორწინების სახლის წინ განათავსეს, ხოლო დღეს დასრულდა მესამე ქანდაკებაზე მუშაობა. მოქანდაკე მანუჩარ ოქროსცვარიძის თქმით - "ნამუშევარი ზუსტად იმეორებს 9-10 წლის ბავშვის ფორმებს. ქანდაკების თავი სარკისებური ზედაპირითაა დაფარული, რაც ერთი მხრივ ბავშვის ცნობიერების სიმბოლოა. სწორედ სარკე ირეკლავს სამყაროს, დამოკიდებულებებს, ადამიანების მოძრაობას, რაც საბოლოოდ ბავშვის ცნობიერებაზე და ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. სარკეში შეიძლება ნებისმიერმა ჩვენგანმა ამოიცნოს საკუთარი თავი, რადგან 9-10 წელი ის ასაკია რა დროსაც ბავშვი ყალიბდება და უჩნდება საკუთარი დამოკიდებულებები სამყაროს და ცხოვრების შესახებ. ქანდაკების დასადგმელად რამდენიმე ადგილს მოვიაზრებთ, მაქვს იდეაც რომ ქანდაკებამ რაღაც დროის შემდეგ ადგილი  შეიცვალოს და ქალაქის ყველა ქუჩა მოიაროს. ეს ქმედება ქანდაკების იდეის აღქმას, გარემოს არეკვლასთან დაკავშირებით უფრო მეტ დატვირთვას შესძენს". სიმპოზიუმის ფარგლებში ჯამში 11 ქანდაკება შეიქმნება, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაში განთავსდება.

იქიდან გამომდინარე რომ ქანდაკებები მოსახლეობისთვის და ზოგადად ქალაქის გასალამაზებლად იქმნება ჩვენ გვაქვს კითხვა, სად შეიძლება აღნიშნული ქანდაკების განთავსება (გაითვალისწინეთ ავტორის ჩანაფიქრი და მისი კონცეფცია), ასევე ერთად შევურჩიოთ ქანდაკებას სახელი, პასუხები კომენტარებში დატოვეთ, მადლობა :)