"ეს არის კლასიკური ფორმა, რაც ხდებოდა 2012 წელს"

2021-08-18 22:04:42

ოპოზიციაში გადასული რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი ქართულ ოცნებას რეპრესიებში ადანაშაულებს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას, ონიანმა განაცხადა, რომ შარტავას გამზირზე პარტიისთვის ოფისი უნდა ექირავათ, მათ ობიექტის მეპატრონემ 4 დღის წინ გადასცა გასაღებიც, დაწყებული იყო სარემონტო სამუშაოებიც, თუმცა დღეს მეპატრონემ ფართის მიქირავებაზე უარი უთხრა და ამის კონკრეტული მიზეზი ვერ დაუსახელა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ისეთივე რეპრესიებს მიმართავს, როგორიც 2012 წელს იყო და შემსრულებლები მაშინაც და დღესაც ერთი და იგივე ადამიანები არიან. ონიანი კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან კვლავ თავს იკავებს.

"დაახლოებით 4 დღეა, რაც ჩვენ ფართი ვიქირავეთ, გასაღები გადმოგვეცა, შიდა სარემონტო სამუშაოებიც დავიწყეთ და ადამიანმა, რომელიც აქეთ გვაჩქარებდა, რომ გაფორმებულიყო ოფიციალურად ხელშეკრულება, დღეს გვითხრა უარი. ბოდიშები გვიხადა, მაგრამ გვითხრა, რომ მას ოფისის მოქირავება არ შეუძლია და ამის მიზეზს ვერ გვეტყოდა. ეს არის კლასიკური ფორმა, რაც ხდებოდა 2012 წელს და იმის დასტური, რომ 2012 წელს და დღეს დავალებების შემსრულებლები ერთი და იგივე ხალხია.

ისევ და ისევ დავრწმუნდი ჩემს გადაწყვეტილებაში და კიდევ იმ პრინციპის მატარებელი ვარ, რომ საკადრო პოლიტიკამ, რომელიც მე გავაპროტესტე, მიგვიყვანა იქამდე, რომ მოხდა ქართული ოცნების ნაციონალიზაცია.

მინდა მივმართო 2012 წლიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ქართულ ოცნებაში არიან დარჩენილები და ვკითხო, ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით თუ ამის წინააღმდეგ. თავის გულში ჩაიხედონ და გასცენ ამ კითხვას პასუხი, რისთვის ვიბრძოდით 2012 წელს.

არ გამოვრიცხავ მალე ისე მოხდეს, რომ ჩემი და კონკრეტულად სოსო გოგაშვილის მხარდამჭერების რეპრესიები მოაწყონ, დააშინონ და დაიჭირონ",- განაცხადა ლევან ონიანმა.

სახელისუფლებო გუნდის მხრიდან რეპრესიებზე ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც და მანამდეც საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ მხარდამჭერებზე ზეწოლა და დაშინება მიმდინარეობდა. ამ დროს ლევან ონიანი ქართული ოცნების წევრი იყო და კითხვას, მაშინ როცა ოპოზიციური პარტიები გამუდმებით საუბრობდნენ მმართველი გუნდის მხრიდან რეპრესიებზე, თვითონ რას აკეთებდა, პასუხობს, რომ 2016-2017 წლებში, როცა რუსთავში ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი იყო მსგავს მეთოდებს ისინი ოპონენტების წინააღმდეგ არ იყენებდნენ, რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ის სტრატეგიის დაგეგმვაში აქტიურად იყო ჩართული და არც მაშინ არ განიხილებოდა ოპოზიციური პარტიებზე ზეწოლა, დაშინება.

"რუსთავში 2016-2017 წელს, როდესაც მე გახლდით ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი, მსგავსი მეთოდები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა გამოყენებული, ეს შემიძლია ვთქვა თამამად. რაც შეეხება 2020 წელს მე არ გახლდით შტაბის უფროსი, სტრატეგიაში, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მსგავსი სტრატეგია არასდროს არ ყოფილა განხილული.

რუსთავში, არცერთ ოპოზიციურ პარტიას ოფისის ქონასთან დაკავშირებით არ შექმნიათ პრობლემა",- აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბრისას ონიანი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა ქართული ოცნება რამდენიმე დღის წინ დატოვა და სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს "სახალხო პარტიაში" შეუერთდა.

ონიანმა მმართველი გუნდის დატოვების მიზეზად საკადრო პოლიტიკა დაასახელა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების სათავეში ის ადამიანები მოექცნენ, ვინც 2012 წელს მათ ებრძოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები