"ნუ ჩაყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს"

2020-10-30 19:05:58

"ევროპული საქართველოს" რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პარტიის აქტივისტებზე ზეწოლა და დაშინება ხორციელდება.

ნადირაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მასსა და რამდენიმე აქტივისტს შორის ვაზიანში, ღია სივრცეში შედგა, გარკვეულ ინცინდენტს ჰქონდა ადგილი.  

მისი თქმით, შეხვედრაზე ავტომობილებით ალყაში მოაქცეს და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ნადირაშვილის ვარაუდით, აღნიშნული ავტომობილები ოპერატიული იყო და სუს-ს ეკუთვნოდა.

"ვაზიანში ავედით, რომ კიდევ ერთხელ გვენახა ჩვენს კამპანიაში ჩართული პირები და ზუსტად 2 წუთი ქუჩაში ვიდექით იმისთვის, რომ მათ დავლაპარაკებოდით იმიტომ, რომ ძალიან დიდი ზეწოლაა მათზე, კომისიის წევრს ათქმევინეს უარი იმაზე, რომ კომისიაში იყოს. ზუსტად 7-მა მანქანამ შემომარტყა ალყა, დიდი ალბათობით, მათი ნაწილი სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ, ასევე იქ იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ვაზიანში ლევან მენახშირიშვილი, რომელმაც პირდაპირ საქმის გარჩევა დაგვიწყო. მოვიდნენ და დაგვიწყეს სურათების გადაღება, სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო. მე წარმომიდგენია რა დღეში ჰყავთ ადამიანეები, როცა ჩემმა ერთმა გამოჩენამ გამოიწვია ის, რომ ყველამ იქ მოიყარა თავი. ეს არის პირადპირი ზეწოლა ამომრჩეველზე.

მე მათ ვურჩიე, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ჩაყვნენ საფლავში. დღეს ბოლო დღეა, როცა ქართული ოცენბა არის ხელისუფლებაში. თავი დაანებონ მოსყიდვას, შანტაჟს და ადამიანებზე ძალადობას. ძალიან ცუდად მოუტრიალდებათ", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ირმა ნადირაშვილმა ვაზიანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგიც გამართა, სადაც ლევან მენახშირიშვილის სახელი და გვარი იყო ნახსენები. ნადირაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ვაზიანში "საქმის გარჩევა სწორედ ამ მიზეზით დაიწყო".