გაფრთხილება ავტომობილების მფლობელებს

2021-07-24 18:10:50

საქართველოს მასშტაბით გზებზე დაახლოებით 4000- ზე მეტი ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული, მათ შორის 20 -მდე რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში.  კამერა აფიქსირებს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, რომელსაც ავტომობილის მძღოლი ჩადის. ხშირად მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს ჯარიმის გამოწერის შიშით მხოლოდ კამერების წინ იცავენ.

ინფო რუსთავი დაინტერესდა რა ხდება მაშინ, როდესაც მძღოლი სიჩქარეს მხოლოდ კამერის წინ ანელებს და კამერის გავლის შემდეგ მკვეთრად ზრდის. ცნობისთვის, კამერები დამონტაჟებულია კონკრეტულ მონაკვეთებზე და სიჩქარის შეზღუდვა აღნიშნულ მონაკვეთზე ვრცელდება. ისინი დამონტაჟებულია მონაკვეთის დასაწყისსა და დასასრულს. იმ შემთხვევაში, თუკი მძღოლი სიჩქარეს მონაკვეთის დასაწყისში დაყენებული კამერის წინ შეანელებს და მისი გავლის შემთხვევაში ისევ გაზრდის, ის მაინც დაჯარიმდება, რადგან სამართალდარღვევას მონაკვეთის ბოლოში დაყენებული კამერა დააფიქსირებს.

,,ჭკვიანი კამერები A პუნქტიდან B პუნქტამდე ითვლის საერთო მაჩვენებლის სიჩქარესა და დროს. აღნიშნულ მონაკვეთში თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი  დაშვებულ სიჩქარეს და პლუს 15 კმ/სთს გადააჭარბებს ის ადმინისტრაციულ კანონს დაარღვევს"- აცხადებს პატრულ-ინსპექტორი ლევან წიკლაური.

მაგალითისთვის, თუ კონკრეტულ მონაკვეთზე შეზღუდული სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მძღოლს შეუძლია გაიაროს 75კმ/სთ-თ.

შეგახსნებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ავტომობილის მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს ადმინისტრაციულ სამართალდაარღვევათა კოდექსის 125 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით, თუმცა როგორც შსს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განაცხადა საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შესაძლოა ჯარიმა გაორმაგდეს.