რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმე [video]

2021-07-16 16:57:54

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 27 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ ნ.დ-ს და ამავე საქმეზე დაკავებულ გ.ჩ.-ს, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. [video\ვიდეო]

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა სრულად გაითვალისწინა პროკურორის ლევან ჯალაღანიას შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით.

დაცვის მხარე, ნ.დ-თვის აღკვეთის ღონისძიებად, 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, რაც შეეხება გ.ჩ-ს, ადვოკატი  2000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეკატერინე პართენიშვილმა დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ბრალდებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მომდევნო სასამართლო პროცესი, რუსთავის საქალაქო სასამართლოში 6 სექტემბერს დღის 12:00 საათზე ჩაინიშნა. რა შუამდგომლობას დააყენებენ მომდევნო პროცესზე ეს ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მკველობა და დაჭრა რუსთავში, 14 ივლისს გვიან ღამით მოხდა. საქართველოს პროკურატურამ,  რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ნ.დ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვაგვარი ძალადობის, ხოლო გ.ჩ.-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 14 ივლისს,  რუსთავში, ნ.დ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო,  გ.ა.-ს და გ.ბ.-ს მოკვლის განზრახვით,  დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.ა. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო, დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ. -ს გადარჩენა მოხერხდა.   

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.დ.-ს მიერ განხორციელებული ქმედების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა გ.ჩ., რომლისთვისაც ცნობილი იყო მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა, სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ნ.დ. და გ.ჩ. იმავე დღეს დააკავეს. ნ.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.ჩ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმის პროკურორის ლევან ჯალაღანიას ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.