ფიზიკური ანგარიშწორება და "ქურდული გარჩევები" რუსთავში. [video/ვიდეო]
ფარულ ვიდეო ჩანაწერებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსთავში, თოდრიას, კლდიაშვილისა და მესხიშვილი ქუჩებზე, ასევე კოსტავას გამზირზე (ე.წ. არკის მიმდებარე ტერიტორიაზე) გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქურდული გარჩევები მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, რუსთაველი კრიმანალური ავტორიტეტები ერთმანეთს ფიზიკურად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც კონკრეტული პირებისგან თანხების მიღებაზე ვერ შეთანხმდნენ. კამათისა და ჩხუბის შემდეგ, პრობლემის მოგვარებაში უცხოეთში მყოფი, ე.წ. "კანონიერი ქურდები" ჩაერთვნენ.
რუსთავის პოლიციამ 17 რუსთაველი, ჯამში კი 25 პირი დააკავა. ნახეთ შსს-ს განცხადება:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის რუსთავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად: რუსთავში, თბილისში, გორში, ქარელში, ხონში, ამბროლაურში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, დმანისში, ლაგოდეხსა და გარდაბანში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით 4 პირს.
ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ვ. 1987 წელს დაბადებული ს.ტ. (მეტსახელად "ყასაბიჩი"),1988 წელს დაბადებული ბ.ხ. 1995 წელს დაბადებული ა.ა. 1989 წელს დაბადებული მ.ჭ. 1990 წელს დაბადებული თ.ტ. (მეტსახელად "ჩიჟიკა"), 1998 წელს დაბადებული ა.მ. (მეტსახელად „წიწაკა“) 1994 წელს ა.შ. 1999 წელს დაბადებული ა.შ. 1995 წელს დაბადებული მ.ფ. 1992 წელს დაბადებული ლ.ტ. 1993 წელს დაბადებული გ.ბ. 1993 წელს დაბადებული ს.მ. 1986 წელს დაბადებული ლ.ვ. 1985 წელს დაბადებული ზ.გ. 1967 წელს დაბადებული ლ.გ. 1984 წელს დაბადებული შ.ლ. 1988 წელს დაბადებული გ.ვ. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული ა.ა. (მეტსახელად „ბოთე“) 1999 წელს დაბადებული ნ.ი. 1992 წელს დაბადებული თ.ნ. 1971 წელს დაბადებული ბ.ა. 1979 წელს დაბადებული გ.ჯ. (მეტსახელად „ხორთუმა“), 1985 წელს დაბადებული გ.ჭ. (მეტსახელად „რიჟა“) 1991 წელს დაბადებული ა.ჯ.
პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალი წარედგინათ: 1997 წელს დაბადებული გ.ხ.-ს (მეტსახელად „მაწაკი“) 1974 წელს დაბადებული ზ.კ.-ს 1994 წელს დაბადებული გ.რ.-ს და 1990 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი - 1992 წელს დაბადებულ თ.ჭ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.გ.-ს მიმართ გრძელდება სამძებრო ღონისძიებები.
ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სისტემატიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას, რითაც ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ უპირატესობა, კრიმინალური გავლენა და ძალაუფლება.
წარსულში მრავალგზის ნასამართლევ პირებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სადაც ახდენდნენ კრიმინალურ გარჩევებს, აორგანიზებდნენ და გეგმავდნენ სხვადასხვა დანაშაულებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ 9 კანონიერ ქურდთან, მათ შორის არიან: კახა შუშანაშვილი, შოთა ასათიანი, ნამიქ სალიფოვი, ლუკა ასანიძე, პაატა ბაქრაძე, დავით ქურასბედიანი და სხვა ე.წ. „კანონიერი ქურდები“.
ბრალდებულების კრიმინალური ქმედებებით დაზარალებულია 100-მდე მოქალაქე.
დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათი პირადი და საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ნარკოტიკული საშუალებები და ასევე ამოღებულია ძვირადღირებული ავტომობილი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.