"რთულია ესაუბრო ადამიანებს, 1 წელიწადში გექნებათ წყალი"

2020-07-04 22:12:07

"არ არის დამაკმაყოფილებელი და აუცილებელია, დიდ პროექტამდე გარდაბნის მოსახლეობას ეს პრობლემა გარკვეულწილად მოუგვარდეს", - ასე უპასუხა რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" კითხვას, რამდენად დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც წყალმომარაგების პრობლემა აქვს, დაპირება, რომ მათ 1 წელიწადში ექნებათ წყალი.

როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, მას კომუნიკაცია ჰქონდა გარდაბნის მერთან, ასევე წყალმომარაგების წარმომადგენლებთან და მათ გარკვეული თხოვნით მიმართა.

"მე ხშირად დავდივარ და ვხვდები მოსახლეობას. როდესაც შვილები გყავს, პენსიონერი ხარ, გიჭირს გადაადგილება და მით უმეტეს, წყლის შორი გზიდან მოტანა, ძალიან რთულია ესაუბრო მოსახლეობას, რომ 1 წელიწადში გექნება წყალი. მე შევხვდი წყალმომარაგების წარმომადგენლებს, გარდაბნის მერს, მათთან მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე, რომ სანამ იქნება ის დიდი პროექტი, რომელსაც ყველა ველოდებით, 6 სოფლის წყალმომარაგება სრულად 24 საათის რეჟიმში, აუცილებელია, ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანებს ეს პრობლემა გარკვეულწილად მოუგვარდეთ. დამპირდნენ, რომ ამ მიმართულებით იმუშავებენ, იქ არის გარკვეული შიდა პრობლემები ქსელთან დაკავშირებით, იყო ჯგუფი გაგზავნილი, რომელმაც უკვე დაიწყო აღდგენითი სამუშაოები და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან სწრაფად შევძლებთ ამ პრობლემის გარკვეულწილად მოგვარებას", - აცხადებს ლაცაბიძე.

ინფორმაციისთვის, 2კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, რამდენიმე ათეული წელია სოფელს უწყლოობა აწუხებს.

საპროტესტო აქციაზე სოფლის მოსახლეობასთან შესახვედრად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილიც მივიდა. მოსახლეობასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ წყლის პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს პროექტი, რომელზე მუშაობაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიწყება, თუმცა მას პასუხი არ გაუცია კითხვაზე, როგორ უნდა მომარაგდეს მანამდე სოფელი წყლით.

კრწანისი გარდაბნის მუნიციპალიტეტში არ არის ერთადერთი სოფელი, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები