"35 წელია წყლის პრობლემა გვაქვს"

2021-06-20 15:17:03

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კრწანისის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც ადგილობრივებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რამდენიმე ათეული წელია სოფელს უწყლოობა აწუხებს.

მათი თქმით, წელიწადში ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მისამართით რამდენიმე ათეულ წერილი აქვთ დაწერილი და გაგზავნილი, რომელშიც მოითხოვენ, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს, თუმცა უშედეგოდ.

"35 წელია აქ ვცხოვრობ და 35 წელია წყლის პრობლემა გვაქვს. დააყენეს მრიცხველები, ზამთარში დასკდა, მოხსნეს და წაიღეს. გვიშველეთ რამე, რაღაცა გააკეთონ",- აცხადებს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

საპროტესტო აქციაზე სოფლის მოსახლეობასთან შესახვედრად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილიც მივიდა. მისი თქმით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად დაწყებულია პროექტზე მუშაობა და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე სამუშაოებიც უნდა დაიწყოს, თუმცა სამუშაოების დაწყებამდე როგორ უნდა მომარაგდეს სოფელი წყლით პასუხი არ აქვს.

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილს მათ პრობლემასთან დაკავშირებით ცინიკური დამოკიდებულება აქვთ.

კრწანისის მოსახლეობის თქმით, სხვადასხვა პერიოდში, მათ შორის წინასაარჩევნოდაც, სხვადასხვა  თანამდებობის პირისგან მიიღეს დაპირება, რომ წყლის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდებოდა, თუმცა დაპირებები დარჩა დაპირებად და მათ წყალი ან გრაფიკით მიეწოდებათ დღეში რამდენიმე საათით ან საერთოდ არა.

გარდა წყლის პრობლემისა, მოსახლეობის თქმით, სოფელში გაუმართავია გზა და საკანალიზაციო სისტემა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები