ეროვნული გამოცდების პირველი დღე რუსთავში

2021-07-01 11:08:45

რუსთავის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 311 აბიტურიენტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 8 არ გამოცხადდა. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, აპლიკანტის დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდის პირველი სესია მშვიდ ვითარებაში, რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით მიმდინარეობს.

კოვიდ19 არ დადასტურებია და სიცხე არ დაფიქსირებია რუსთავის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებულ არცერთ აბიტურიენტს.

საქართველოს მასშტაბით ოცდახუთი საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

დილის სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჯამში, საქართველოს მასშტაბით, გამოცდაზე დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა. კორონავირუსი დაუდასტურდა 20 აპლიკანტს.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები