"ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია",- რუსთავში, საქართველოს სკაუტების საერთაშორისო ცენტრის ბაზაზე, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების გრძელვადიანი პროგრამის დახურვითი ღონისძიება.
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს (NCYOG) პროექტი „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ ერთი წელი მიმდინარეობდა და დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს განვითარების ფონდის მიერ.
პროექტი არის საპილოტე და მიზნად ისახავდა საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონიდან გადამზადდა 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის 90 წარმომადგენელი შემდეგი მიმართულებებით: ორგანიზაციის მართვა, პროექტის მენეჯმენტი და ახალგაზრდული მუშაკი. თეორიული გადამზადების შემდეგ, მონაწილეებმა პრაქტიკის ფაზის ფარგლებში განახორციელეს ლოკალური აქტივობები თავიანთ თემში, რომელმაც საქართველოს ყველა რეგიონი და 600-მდე ბენეფიციარი მოიცვა.
"პროექტი ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია ემსახურება ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების პროგრამას საქართველოში. პირველად ხორციელდება და დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს განვითარების ფონდის მიერ. ერთ წლიანი პროექტი იყო.
ახალგაზრდები და ახალგაზრდული ორგანიზაციები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან იღებდნენ მონაწილეობას და ივითარებენ სხვადასხვა კომპეტენციას, რომ ლოკალურ თემებზე უფრო ხარისხიანად წარვმართოთ სამუშაო პროცესი. უფრო ცნობადები გახდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რადგან ახალგაზრდების საკეთილდღეო საქმეს ემსახურებიან როგორც პროფესიული ასევე პიროვნული კუთხით",- განუცხადა "ინფო რუსთავს" საქართველოს ახალგაზრდა ორგანიზაციათა საბჭოს ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ.
პროექტის ფარგლებში პირველად განხორციელდა ახალგაზრდული ორგანიზაციების კვლევა, მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის.
პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროცესში, რაც დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების საწინდარია.
პროექტში ქვემო ქართლიდან 3 ახალგაზრდული ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ შორის რუსთავიდან და დმანისიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საერთაშორისო ორგანიზაციები, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები, ახალგაზრდები და ახალგაზრდული ორგანიზაციები საქართველოს რეგიონებიდან.