"იქნებ რამდენი იშრომა ეს თანხა რომ მოეგროვებინა"

2021-06-21 11:18:45

რუსთავში კოსტავას გამზირზე ერთ-ერთი სუპერმარკეტის შესასვლელთან ანა კაპანაძემ წითელი საფულე იპოვა, სადაც 135 ლარი და სხვადასხვა ბარათი იდო.

საფულის მეპატრონის მოსაძიებლად კი რუსთავის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში პოსტი დაწერა.

პოსტის კომენტარებში მალევე გამოჩნდა მისი მეპატრონე მარიამ მიქელაძეც, რომელმაც"ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ საფულის პოვნის იმედი არც კი ჰქონდა.

"დღის მეორე ნახევარში დავკარგე. კოსტავაზე თითქმის ყველა მაღაზიაში ვიყავი შესული და არ მახსოვს ზუსტად რა დროს დავკარგე. არ მეგონა რომ ვიპოვიდი. პატარა თანხა არ მედო, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. მიხარია რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. რომ შევხვდი შოკში ვიყავი და ემოციებისგან ტირილი დავიწყე. არ ვიცოდი რა მეთქვა, ნაყინზე და ყავაზე დავპატიჟე. ჩამეხუტა და მითხრა, რომ აუცილებელი არ იყო, მადლობელი ვარ ამ გოგოსი",- განაცხადა მარიამ მიქელაძემ.

რაც შეეხება ანა კაპანაძეს, რომელმაც საფულე მის მესაკუთრეს დაუბრუნა, მისი თქმით, საფულეში რა თანხაც არ უნდა დებულიყო პატრონს იპოვიდა და დაუბრუნებდა.

"სხვისი ნივთის დატოვება რა წესია. მე ვერ დავიტოვებდი. გამორიცხულია, იქნებ რამდენი იშრომა ეს თანხა რომ მოეგროვებინა, ან იქნებ რისთვის სჭირდებოდა. 1000 ლარიც რომ ყოფილიყო საფულეში მაინც მოვძებნიდი და დავუბრუნებდი. სხვისი ნაშრომ-ნაწვალები არასდროს შეგვერგება",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ანა კაპანაძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები