რუსთაველი აქტივისტი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

2021-06-12 12:30:00

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე რუსთაველი აქტივისტი, დავით ხუციშვილი, წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა.

დაცვის მხარე დაკავებულის ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

დავით ხუციშვილი 29 მაისის ინცინდენტზე 10 ივნისს დააკავეს. მას გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტები მხარდამჭერის  დაკავებას საყვირებით აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ რიონის ხეობის მცველების  წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო.