"იყო დღეს მსჯელობა ამ საკითხზე, ღამის კარანტინთან მიმართებაში, მიღებულია გადაწყვეტილება დავაკვირდეთ კიდევ 10 დღე, 2 კვირა ეპიდსიტუაციას და მერე ვიმსჯელოთ რა ტიპის ამ მხრივ გადაწყვეტილება იქნება"- თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც.
„ჯერჯერობით, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას უნდა დავაკვირდეთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. შევხედავთ, როგორ განვითარდება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სურათი“, - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კითხვას იმის შესახებ, განიხილება თუ არა საქართველოში ღამით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა.
მისივე თქმით, ეპიდვითარებასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელობა მიენიჭება ვაქცინაციის ტემპსაც.
„ვაქცინირებულთა რაოდენობა იზრდება და ეს ბალანსი მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რამდენად გვექნება რესურსი, ღამით მოქმედი შეზღუდვის მოსახსნელად. ამ თვეში მაინც სიფრთხილე გვმართებს. უნდა ვნახოთ, როდის გვექნება ინფიცირების შემთხვევების სტაბილური, ცოტა უფრო აქტიური კლება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ფოტო: ირაკლი მიქაძე