საკადრო ცვლილებები რუსთავის მერიაში

2021-06-07 14:39:29

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებებია.

მერს, ირაკლი ტაბაღუას ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე დავით იშხნელი დაინიშნა და მან ირმა მესხი ჩაანაცვლა.

მერის ახალი მოადგილე ძირითადად სოციალურ საკითხების მიმართულებით იმუშავებს.

"მე ვიქნები სოციალური საკითხების კურატორი, შშმ პირების დღის ცენტრები, მოხუცთა თავშესაფრები და დედათა და ბავშვთა ზრუნვის სამსახურის აწყობა და გამართვა.

ვგეგმავ, ამ სამსახურების იმ მიმართულებით წაყვანას, რა რა გეზიც იყო დღემდე აღებული, ოღონდ გაფართოვდება იმ მიმართულებით, რომ მოხდება უფრო მეტი ჩართვა ბავშვთა და მოზარდი ასაკის ბავშვების ზრუნვაში, მათი ასაკობრივი დაავადების პროფილაქტიკის მიმართულებით",- განაცხადა დავით იშხნელმა.

იშხნელის თქმით, მერიაში სოციალური საკითხების მიმართულებით მომუშავე გუნდს ნდობას უცხადებს და  საკადრო ცვლილებების განხორციელებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს.

მერის ახალი მოადგილის წარდგენას ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის  სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნინო ქვირია არ ესწრებოდა. როგორც დავით იშხნელმა განგვიცხადა, ნინო ქვირია შვებულებაშია და წარდგენაზე მისი მოვალეობის შემსრულებელი იმყოფებოდა.

მერის მოადგილედ დანიშვნამდე იშხნელი მე-6 მოწვევის რუსთავის საკრებულოში იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მან აღნიშნული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 4 ივნის დატოვა.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები