სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაისის თვეში რუსთავში 3 ობიექტი დააჯარიმა.
დაჯარიმებულ ობიექტებს შორის სურსათის მაღაზიებია, რომელთაც 1000 ლარამდე ოდენობის ფულადი სანქცია დაუწესდათ, ხოლო ერთს კრიტიკული შეუსაბამობის გამო ფუნქციონირება შეუჩერდა.
როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, აღნიშნული ობიექტების ნაწილი ფორმა ორის არ არსებობის, ნაწილი კი სასურსათო მაღაზიებში ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციისა და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, ქვემო ქართლში გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმება მაისის თვეში 100-მდე ობიექტში ჩატარდა, აქედან 6 ობიექტი სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა. ასევე ლაბორატორიული კვლევისთვის 21 ნიმუშის აღება მოხდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.