რამდენიმე მილიონი რუსთავის სასტუმროებისთვის

2021-06-06 10:49:05

2020-2021 წლებში რუსთავის 3 საკარანტინო სივრცეში ადამიანების განთავსება სახელმწიფოს 3 044 021 ლარი დაუჯდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" მონაცემები საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისგან გამოითხოვა.

რუსთავში პირველი საკარანტინო სივრცე 14 მარტს „ბიზნეს ცენტრ რუსთავში“ მოეწყო, სადაც თავდაპირველად საზღვარგარეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები განთავსება ხდებოდა. საკარანტინო სივრცე ეტაპობრივად კიდევ ორ სასტუმროში, „გრანდ ვეჯინსა“ და „აუტო პაპაში“ მოეწყო.

ამ დროისთვის სამივე საკარანტინო სივრცე გაუქმებულია. თუმცა 2020-2021 წელს სამივე სასტუმრომ 4266 ადამიანს უმასპინძლა.

მათ შორის ყველაზე მეტი ადამიანი სასტუმრო "ბიზნეს ცენტრ რუსთავში" იყო განთავსებული, შესაბამისად სახელმწიფოსგან უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღო. სასტუმროში სულ 2123-მა ადამიანმა გაიარა საკარანტინო პერიოდი, რისთვისაც სასტუმრომ სახელმწიფოსგან ანაზღაურების სახით 1 606 399 ლარი მიიღო. გარდა საკარანტინო სივრცისა "ბიზნეს ცენტრ რუსთავს" კოვიდსასტუმროს სტატუსიც ჰქონდა, შესაბამისად, კოვიდინფიცირებულების მკურნალობაც მიმდინარეობდა.

1180 ადამიანს უმასპინძლა სასტუმრო "გრანდ ვეჯინმა", რისთვისაც ბიუჯეტიდან 880 708 ლარი დაიხარჯა.

ყველაზე გვიან, საკარანტინე სივრცე სასტუმრო "ავტო პაპაში" გაიხსნა და 4 აპრილიდან საკარანტინო ზონის სტატუსის ქონამდე 963 პირს უმასპინძლა. მათი განთავსებისთვის სახელმწიფომ 556 913 ლარი დახარჯა.

2020 წლის 21 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის, ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს. აქვე განგიმარტავთ, რომ სასტუმროს ნომრის ღირებულება მოიცავს: ოთახის ღირებულებას, სამჯერად კვებას, პირადი ჰიგიენის ნივთებსა და დალაგების საშუალებებს, თერმომეტრს, ასევე, საკარანტინო სივრცეებში განთავსებული პირებისათვის ოთახებში მუდმივად უზრუნველყოფილია წყალი, ჩაი, ყავა, შაქარი. ასევე ტარიფის ცვლილება შემდგომში გამოიწვია საკარანტინო ზონის კოვიდ სივრცედ გადაკეთებამაც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები