რუსთავის ცენტრალურ პარკში ნიჩბოსნობის ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა ქალაქში არსებულმა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.[ვიდეო/video]
ტურნირის ფინალურ ეტაპში მე-18 და მე-10 საჯარო სკოლები ასპარეზობდნენ, ღია პირველობის გამარჯვებული კი მე-18 საჯარო სკოლა გახდა.
ასევე, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა მე-7 საჯარო სკოლამ.
ღია პირველობაზე, სასკოლო ასაკის მოყვარული სპორტსმენები, 20 ადგილიანი ნავებით პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად ასპარეზობდნენ და 200 მეტრიანი დისტანცია დაფარეს.
საპრიზო ადგილების მფლობელები, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და რუსთაველმა ნიჩბოსანმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, ალექსი წივწივაძემ დააჯილდოვეს.
როგორც "ინფო რუსთავს" ალექსანდრე დალაქიშვილმა განუცხადა, ტურნირი ნიჩბოსნობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
"ბევრმა არ იცის, მაგრამ ჩვენს ქალაქს აქვს დიდი ტრადიციები ნიჩბოსნობის კუთხით. საშუალებას გვაძლევს ჩვენი უნიკალური ტბა და გვინდა, რომ ეს ტრადიცია აღვადგინოთ. დღეს გავმართეთ სკოლებს შორის შეჯიბრი, ეს ემსახურება მასობრივად ბავშვების ჩართვას, საკმაოდ სახალისო იყო და გვინდა, რომ ამის პოპულარიზაცია მოხდეს", - განაცხადა დეპუტატმა.
გარდა ამისა, როგორც დალაქიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება ცენტრალურ პარკში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობა.
"ინვესტორს ვალდებულება აქვს აღებული, რომ სპორტსკოლის თანამედროვე ბაზა უნდა მოაწყოს და დანარჩენი სივრცეებიც სპორტზე აქცენტირებული იქნება. პანდემიამ ხელი შეუშალა, მცირედი შეფერხება მოხდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, მიდის სამუშაოები და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამართული უნდა იყოს", - განაცხადა დალაქიშვილმა.
სკოლებს შორის შეჯიბრი, რუსთავში წელს პირველად ჩატარდა და ტრადიციულ სახეს მიიღებს.