რუსთაველ ბექა ძამაშვილს ღირსების ორდენი გადაეცა

2021-05-26 22:54:08

რუსთაველი ბექა ძამაშვილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ღირსების ორდენით დააჯილდოა.

შეგახსენებთ რომ სწორედ ბექა ძამაშვილის ჩართულობითა და მიზანმიმართული შრომით საქართველომ 2008 წლის ომის საქმეზე რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.

ბექა ძამაშვილი 2008-2013 წლებში იყო ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) გენერალური მდივანი და შემდეგ პრეზიდენტი საქართველოში. 2013-2016 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და შემდეგ უფროსი. ამავე პერიოდში გახლდათ ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI), ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის (GEC), ევროკავშირის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრისა (EMCDDA) და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) საკონტაქტო პირი საქართველოში;

2016-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსად, ასევე, იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.