დამოუკიდებლობის დღეს რუსთავში [video]

2021-05-26 14:14:31

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. [ვიდეო/video]

დღესასწაული, პანდემიის გამო, რუსთავში შეზღუდულ ფორმატში აღინიშნება.

ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება არ გამართულა, თუმცა, რუსთავი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს საკმაოდ ორიგინალური პერფორმანსით შეხვდა.

26 მაისთან დაკავშირებით, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, კოსტავას გამზირზე ცეკვა ხორუმი შესრულდა. თეთრი და წითელი ფერის სამოსში გამოწყობილმა რუსთაველმა მოცეკვავეებმა ნომრის შესრულება ცენტრალურ ხიდზე დაიწყეს და პირამიდის გვერდით, მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც მათი განლაგება, ზედხედიდან საქართველოს დროშას გამოსახავდა.

ნომერი 130 მოცეკვავის მონაწილეობით შესრულდა. მასში ანსამბლ "სალხინოს, "კეღოშვილების", "მწვერვალის", ასევე სტუდია "საუკუნისა" და "მარაბდას" მოცეკვავეები მონაწილეობდნენ.

პერფორმანსის დასასრულს, საქართველოს ჰიმნი შეასრულა ანსამბლ "თუთარჩელას" ახალგაზრდულმა გუნდმა.  

ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.