"ბუნკერი" [photo]

2021-05-22 23:22:11

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლ "ბუნკერის" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი სატირული ჟანრისაა.

"ბუნკერი“ 8 მონოლოგის პრინციპზე აგებული ისტორიებისგან შედგება. სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა სოსო ნემსაძემ სპექტაკლის ინსცენირება თავად მოამზადა.

რუსთავის თეატრის კიდევ ერთი პოსტპანდემიური წარმოდგენა  ნემსაძემ "ინფო რუსთავთან" შეაფასა. მისი თქმით, სპექტაკლი ჩვენზე, ადმიანებზეა და მასში ყველა ჩვენგანი ამოვიცნობთ საკუთარ თავს.

"მე-8 მონოლოგია ყველაზე მძიმე. ყველა პერსონაჟი ცდილობს, რომ რაღაც გამართლება უპოვოს თავის საქციელს, სხვას ადანაშაულებენ და არა საკუთარ თავს. ამ დროს, მე-8 მონოლოგის ავტორი, იუდა ჩნდება და ისიც ცდილობს, რომ თავისი საქციელი გაამართლოს. კაცობრიობას ეს სიმძიმე დარჩა, რომ სულ გვინდა, ვიმართლოთ თავი და კარგი ქმედებით არ გამოვხატავთ ჩვენს საქციელს, რაღაცას გავაფუჭებთ და შემდეგ ვიწყებთ თავის მაერთლებას და ეს არის დასამთავრებელი ერთხელდასამუდამოდ. ბოლო მონოლოგში მაყურებელი უფრო კარგად ამჩენვს მის პრობლემას. როცა მონოლოგს კითხულობს მსახიობი, მაყურებელი ფიქრობს, რომ მას ეხება მარტო, იმ კონკრეტულ პერსონაჟს, მაგრამ როცა ბოლოს ჩნდება იუდა და ელაპარაკება საზოგადოებას იმაზე, რომ მასაც ჰქონდა სიმართლე, იქ უკვე ყველა ხვდება, რომ არა კონკრეტულ 8 პერსონაჟზე, არამედ ეს ყველაფერი მათზეა", - განაცხადა სოსო ნემსაძემ.

სპექტაკლის ავტორი სათქმელს მარტივი დეტალებით გამოხატავს. ერთ-ერთი მოქმედება, რაც წარმოდგენას გასდევს თან, არის ადამიანის მიერ ბუნკერის მიმართულებით დაუკვირვებლად ნასროლი ნაგავი, რომელიც ბუნკერში ვერა, თუმცა იქვე ახლოს ხვდება.

ნემსაძე ამბობს, რომ ამით სურდა ადამიანების ზერელე დამოკიდებულებებზე გაესვა ხაზი.

"ადამიანი მიდის, თითქოს ურნაში უნდა ჩააგდოს ნაგავი, მაგრამ ის იქვე აგდებს. რა უნდა, 1 წამი, რომ დაასრულოს თავისი მოქმედება, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ დაუსრულებელი ქმედებები მუდმივად, რაღაცას დაიწყებენ კარგად, მაგრამ შემდეგ სადღაც ეს გვბეზრდება და ასე ზერელედ ვამთავრებთ ამბავს", - განაცხადა რეჟისორმა.

სოსო ნემსაძის თქმით, ჩაფიქრებულია, რომ სპექტაკლს მიეცეს სერიების სახე და დაიდგას "ბუნკერი 2", "ბუნკერი 3" და ა.შ. წარმოდგენები ახალი მონოლოგებით, ახალ რეალობასა და პრობლემებზე იქნება მორგებული.

სპექტაკლის პრმიერა რუსთავის თეატრში ხვალ, 19:00 საათზეც გაიმართება.