სწავლის განახლებიდან, 13 მაისიდან დღემდე რუსთავის სკოლებში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა მიაწოდა.
როგორც ხეჩიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირებულია რუსთავის #2, #4, #5, #6, #11,#16, #25, #26 და #28 სკოლებში, სკოლა "რუსთველსა" და "ჩირაღდანში".
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირებულები მასწავლებლები არიან, #6 სკოლაში კი ვირუსი ორ პედაგოგს უფიქსირდება.
თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით, სკოლები სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე იმყოფებიან და დისტანციურ სწავლებაზე ცალკეული კლასები გადავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეჟიმში გაგრძელდება სწავლა #5 საჯარო სკოლაში, სადაც ვირუსის შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.