პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. საუბარია თბილისში, ყაზახი ქალის გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე.
უწყების ცნობით, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ.-მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ორჯერ დაამყარა.
„მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ასევე, ა.ა.-ს გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, 2021 წლის 7 მაისს, ბრალი წარედგინა ბ.თ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 26 წლის ასელია აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ირკვევა, რომ ასელია აიტპაევაზე ორჯერ იძალადეს. საქმეში მისი ნათესავიც ფიგურირებდა, რომელმაც 26 წლის ქალი საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა.