"ვამაყობთ პატარა ქალაქის დიდი ჩემპიონებით" [photo]

2021-05-14 15:07:05

რუსთაველ სპორტსმენებს, ლაშა გურულსა და ნიკოლოზ ბეგაძეს კრივში საქართველოს ჩემპიონობა ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორმა დავით შანიძემ მიულოცეს.

მოკრივეებსა და მათ პირად მწვრთნელს, რუსთავის საპატიო მოქალაქეს ტარიელ ბლუაშვილს მადლობის სიგელები და ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით, 1000-1000 ლარი გადაეცათ.

საკანონმდებლო ორგანოში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, საამაყოა, რომ პატარა ქალაქს ამ რანგის სპორტსმენები ჰყავს.

"ნამდვილად ვამაყობთ, რომ პატარა ქალაქში გვყავს ძალიან დიდი ჩემპიონები. ეს ბიჭები არიან მისაბაძი თითოეული ახალგაზრდისთვის. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მძიმე პირობები ჰქონდათ, როცა ჩვენ პირველად აქ მოვედით და ვნახეთ დარბაზი, თავდაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ ასახელონ ჩვენი ქალაქი, ქვეყანა და აქვთ არაერთი გამარჯვება. მე მათ ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სპორტს მიექცეს კიდევ უფრო მეტი ყურადღება და მათ ჰქონდეთ ყველა პირობა, რომ მიაღწიონ კიდევ უფრო მეტ წარმატებასა და გამარჯვებას", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას თქმით, მუნიციპალიტეტი მუდმივად ცდილობს წარმატებული სპორტსმენების წახალისებას.

"ქალაქის ახალგაზრდებისთვის ისინი არიან მაგალითი. ქალაქი ნადვილად ამაყობს ამ ბიჭებით. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სამოტივაციო და წამახალისებელი ერთჯერადი დახმარებები, სტიპენდია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით არ შემოვიფარგლებით, გრანდიოზული პროექტი, რომელიც ქალაქში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობას გულისხმობს, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს უკვე პროფესიონალური განვითარებისთვის მოკრივეებისთვის ევროპული სტანდარტების დარბაზს", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთაველი მოკრივეების თქმით, მათთვის მსგავსი ყურადღება სასიამოვნოა და მოტივაციის კიდევ უფრო ამაღლებას იწვევს.

საქართველოს ჩემპიონატი თბილისში 5 მაისს დაიწყო.  

91+ კგ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ბეგაძემ ორი ბრძოლა ჩაატარა და ფინალში მარნეულელ მეტოქეს სძლია.

63 კგ წონით კატეგორიაში კი, ოთხი მეტოქე დაამარცხა ლაშა გურულმა და ფინალში თბილისელ მეტოქეს პირველობა არ დაუთმო.