"სირენა რომ ირთვება, ძირს წვები და თავზე ხელებს იფარებ"

2021-05-12 14:37:10

ისრაელში მომხდარი შეტაკებების შედეგად, ამ დროის მონაცემებით, დაშავებული არცერთი რუსთაველი არაა.

ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე "ინფო რუსთავი" იქ მცხოვრებ ერთ-ერთ რუსთაველ ემიგრანტს, ხათუნა ორთოიძეს ესაუბრა. როგორც ის საინფორმაციო სააგენტოს უყვება, ქართველები პანიკამ მოიცვა, თუმცა იმედი აქვთ, რომ სიტუაცია ძალიან მალე დასტაბილურდება.

რუსთაველი ემიგრანი თელ-ავივში ცხოვრობს და ამბობს, დედაქალაქის მკვიდრებს მსგავსი მასშტაბის შეტაკებები არ ახსოვთ.

"გუშინ 9 საათზე დაიწყო თელ-ავივში რაკეტების წვიმა, ისეთი ამბავი იყო, სამსახურში ვიყავი და ძლივს მოვედი სახლამდე. სხვა ქალაქებში უფრო მძიმე მდგომარეობაა, თუმცა, აქაურები ამბობენ, რომ მსგავსი არ ახსოვთ თელ-ავივში. გუშინ შუაღამეს, 3 საათზეც ისროდნენ. სირენა რომ ირთვება, თუ ტრანსპორტში ხარ, ჩერდება და მანქანის მოშორებით ძირს წვები, თან თავზე ხელებს იფარებ ან ახლოს თუ რაიმე შენობაა, იმის კედელს ეყუდები, სანამ სირენის ხმა არ გაჩერდება. გუშინ ავტობუსში ვიყავი, სამსახურიდან ვბრუნდებოდი, როცა დაიწყო სროლა და რომ ირთვებოდა, აჩერებდა მძღოლი, ჩამოვდიოდით, დაბლა ვიჯექით ან კედელს ვეყუდებოდით. გვაფრთხილებენ, მოერიდეთ გარეთ გასვლას ან დაიცავით უსაფრთხოებაო. რა თქმა უნდა, პანიკაში არიან ქართველები, დღეს სამუშაოზეც არ წავსულვართ. იმედია, დაწყნარდება სიტუაცია 1-2 დღეში", - უყვება "ინფო რუსთავს" რუსთაველი ემიგრანტი.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა ისრაელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ქვეყნის თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი. განსაკუთრებული მობილიზაციაა ღაზას სექტორთან.

რადიკალურმა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ებრაული ქალაქების მიმართულებით 1100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. აღსანიშნავია, რომ დიდი ნაწილი ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, თუმცა რამდენიმე რაკეტა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მაინც დაეცა.