საქველმოქმედო რბენას რუსთაველები შეუერთდნენ [video]

2021-05-09 18:31:15

Wings for Life World Run-ის საქველმოქმედო მსოფლიო მარათონს რუსთაველებიც შეუერთდნენ. [ვიდეო/video]

15-მდე მორბენალმა სტარტი რუსთავის აზოტის მიმდებარედ აიღეს.

რბენა ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, რუსთავშიც 15:00 საათზე დაიწყო. როგორც რუსთავში მარათონის ორგანიზატორმა, გიგა ძულიაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი, მის ნაცვლად, სტარტიდან 30 წუთის შემდეგ ვირტუალური ფინიშის მანქანა იწყებს მოძრაობას და მორბენალების გავლილ მანძილს აღრიცხავს.

მორბენალებს უსაფრთხო სირბილში რუსთაველი ველომოყვარულები უწევდნენ დახმარებას.

აპლიკაციაზე რეგისტრაციის საფასურია 8 ევროს ექვივალენტი ლარში (32 ლარი) და თანხა სრულად გადაირიცხება Wings for Life ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად.

წელს რუსთავში მორბენალთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი მარათონში 2019 წლის გამარჯვებულმა, გაიანე უსტიანმა და 2018 წლის საქართველოს საუკეთესო მორბენალმა თემურ ნაზღაიძემ აჩვენეს.

აპლიკაციაში შენახული მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ქალებსა და მამაკაცებს შორის გამარჯვებული გამოვლინდება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები