ხმაური და დაპირისპირება რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსთან

2021-05-07 18:40:35

ხმაური იყო რუსთავში, მოდებაძისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსთან.

საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ სიტყვიერი დაპირისპირება ირანელ ინვესტორსა და კორპუსის ამხანაგობების იურისტს, მამუკა ტუსკაძეს შორის მოხდა.

ირანელი ინვესტორის წარმომადგენელი, სანია აბასოვას თქმით, მამუკა ტუსკაძე თავდაპირველად მათი ადვოკატი იყო, რომელმაც ინვესტორის ნდობით ბოროტად ისარგებლა და კორპუსში არსებული კომერციული და საცხოვრებელი ფართები მოტყუებით მიითვისა.

"ვიღაც მამუკა ტუსკაძე იძახის, რომ ჩემი აშენებულია და მე დავხარჯე ფულებიო, რომელსაც ერთი ჩეკიც არ აქვს. მთელმა რუსთავმა იცის, რომ ეს კორპუსი ირანელმა ინვესტორმა ააშენა. ის დოკუმენტაცია, რაც აქვს, ყველაფერი ყალბია და ვიღაც-ვიღაცები უწყობენ ხელს ამ ყველაფერში. ყალბი ოქმებით გახადა თავის თავი ამხანაგობის წევრად და გახდა მერე თავმჯდომარე" - აცხადებს სანია აბასოვა.

ინვესტორის ადვოკატის, ანდრო სარიბეკოვის თქმით, ტუსკაძემ ამხანაგობაში საკუთარი ოჯახის წევრები გააფორმა. მისივე განცხადებით, უთანხმოება ინვესტორსა და ადვოკატს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც უფლებადამცველმა ინვესტორს 10 000 დოლარი მოსთხოვა და პასუხად უარი მიიღო.

"ადვოკატად გაეცნო ინვესტორს, თავგზა აურია, მერე გახადა საკუთარი თავი წევრი, გააწევრიანა ცოლი, და, გაუფორმა მათ ბინები, მთელს ოჯახსა და საგვარეულოს, მერე კომერციული ფართი, რომელზეც თანხმობა არცერთ ამხანაგობის მაშინდელ წევრს არ მიუცია და ეს ჩვენებებშიც არის დაფიქსირებული, ამხანაგობის ძველი წევრები მის საწინაღმდეგო ჩვენებას იძლევიან და აფიქსირებენ, რომ ჩვენ არ მიგვიცია უფლება, კომერციული ფართი გაეფორმებინა საკუთარ თავზე.

თავდაპირველად ინვესტორის მოწინააღმდეგე მხარის იურისტი იყო. გადაწყვეტილება რომ გამოვიდა და ჩვენ უნდა გაგვესაჩივრებინა, მივიდა ინვესტორთან და უთხრა, მოდი მე მოგხედავო, მე ამიყვანე როგორც ადვოკატიო და ესეც დასთანხმდა, შენ თუ ამ საქმეს მომიგვარებო. გაუკეთა მინდობილობა, დაიწყო ვითომ მუშაობა, საბუთების გაფორმება, ამ დროს მიდის მამუკა ტუსკაძე ინვესტორთან და ეუბნება, მერიაში მთხოვენ და მელოდებიან 10 000 დოლარი უნდა მივიტანოო, ამან უარი უთხრა, არ დაიჯერა, რაზეც სცემა და მანდ ყველაფერი დასრულდა. ამის შემდეგ მამუკამ გაბოროტებულმა დაიწყო სავარაუდო სიყალბეები", - განაცხადა ანდრო სარიბეკოვმა.

ბრალდებებს უარყოფს მამუკა ტუსკაძე და ამბობს, რომ კორპუსში განთავსებული მხოლოდ 26 ბინა ეკუთვნის ირანელ ინვესტორს, დანარჩენი 20 ბინა კი ამხანაგობების სხვა წევრებზე ნაწილდება.

"შეიკრიბა ამხანაგობა და დადგენილი წესით ჯერ ამხანაგობის წევრად მიმიღეს, როგორც იურისტი ამხანაგობის და შემდეგ გავხდი თავმჯდომარე, იმიტომ, რომ საქმე გვქონდა ცრუ თაღლითთან. ის არის მეპატრონე, ოღონდ მხოლოდ ამ ბინების ნაწილის და შეჭრილია მეორე ნაწილში. 26 ბინა მისია, 20 ბინაა ამხანაგობის სხვა წევრების. მის გარდა ვიყავი ყველას იურისტი, თუმცა დაგვჭირდა ამ ადამიანის მინდობილობაც, კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებისთვის. დოკუმენტში წერია რა უფლებამოსილებაც მქონდა და იმ უფლებამოსილების გარეთ როგორ გავაკეთებდით რამეს. ჩვენი მოთხოვნაა, დატოვოს ის 20 ბინა.

მიმდინარეობს დავა, 8 წლის მანძილზე რომ არ ჩაგვაბარა და სამხარაულის ექსპერტიზა დღეს-ხვალ უკვე დადებს დასკვნას, თუ რა ზიანი მოგვადგა ამ 8 წლის განმავლობაში. 20 ბინა 2014 წელს რომ გაგვეყიდა, რა მოგებას ნახავდა 6 წლის განმავლობაში ის თანხა? ამას ვათვლევინებთ ექსპერტებს და შესაბამისად, ამის შემდეგ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ამხანაგობას რაც დარჩა ეს 20 ბინა, თუ სამხარაული დაადგენს, რომ მან ვადებში ააშენა, არ მოგვაყენა ზიანი, მაშინ ის მიიღებს წილს იმ დანარჩენი ბინებიდანაც, მაგრამ მან ვერ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად", - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

არსებული ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი სრულად დაყადაღებულია.