დაჯარიმდებიან თუ არა საწარმოები 1 ივნისიდან

2021-05-07 18:01:55

რუსთავში საწარმოების დიდი ნაწილი 1 ივნისს "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის" კანონის ამოქმედებას გადაიარაღებული ვერ ხვდება, რის გამოც შესაძლოა საწარმოები დაჯარიმდნენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის, მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე კვირის წინ შეხვედრაც გაიმართა, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა დააყენეს საკითხი, რომ კანონპროექტის ამოქმედების ვადა გადაწეულიყო.

თუმცა როგორც რუსთაველი პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი აცხადებს, კანონპროექტის მოქმედების ვადა არ გადაიწევს და თუკი ასეთი ინიციატივის დაყენება პარლამენტში მოხდება, მხარს არც ის და არც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე არ დაუჭერს.
დალაქიშვილის განცხადებით, კომპანიებს ჰქონდათ საკმარისი დრო რომ კანონის ამოქმედებას გადაიარაღებული დახვედროდნენ.

"ყველანაირი ინფორმაცია გაიცვალა. ყველამ იცოდა, რომ ეს კანონპროექტი უნდა მიღებულიყო და პროექტიც ჰქონდათ. ჩვენი შეხვედრის შემდეგ მალევე მოხდა მათთან კომუნიკაცია და რაღაც საკითხების დაზუსტება. შეიძლება ჩვენ ისე გამოგვდის, რომ ცალმხრივად ვიყურებით, მაგრამ ეს კანონი ისედაც არსებობდა, რომ გარემო არ უნდა დააზიანო. ახალი არის დეტექტორის დაყენება და ჯარიმა იზრდება, თორემ კანონი დღესაც ავალდებულებთ მათ, რომ ის ზღვრული ნორმები დაიცვან, რაც წესია და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება, უბრალოდ სანქციები იზრდება. შესაბამისად სენსორს დააყენებ თუ არ დააყენებენ, ჯობია რომ საწარმოო პროცესის გაუმჯობესებაზე იზრუნონ და სენსორის დაყენებაც არ არის ისეთი რთული პროცესი, როგორც რიგი კომპანიები ხატავენ",- განაცხადა პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან ვეფხვაძესაც ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტში კანონპროექტის მოქმედების ვადის გადაწევის საკითხის დაყენებას არ აპირებენ. ვეფხვაძის თქმით, პარლამენტს მიმართავენ თხოვნით, რომ თუკი პირველი ივნისისთვის საწარმო არ დააკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მათ საჯარიმო თანხის ნაცვლად პირველ ეტაპზე მიეცეთ გაფრთხილება და გონივრული ვადა პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ვეფხვაძე ამბობს, რომ არსებული ვითარება კანონისა და ტექნიკური რეგლამენტის დაგვიანებით მიღებამ გამოიწვია. საწარმოების ნაწილს უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები მომწოდებლებთან დეტექტორის შესაძენად და მათ მისი შეძენა იმაზე ბევრად ძვირი უჯდება, ვიდრე აქამდე საუბარი იყო.

"ეს მათი ბრალეულობით არ ხდება, ეს არის პრობლემა იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანომ კანონი დროულად ვერ მიიღო, ასევე იყო არჩევნების გამოც, არჩევნების შედეგების, შემდეგ პოლიტიკური დაძაბულობა, კოვიდი და შეიქმნა ასეთი მდგომარეობა. ბოლოს რომ ავდგეთ და ამ კომპანიებს გადავატეხოთ ყველაფერი, დავუაროთ პირველ ივნისს ყველას და დავაჯარიმოთ ამ კომპანიებთან არცერთი ადამიანი არ იქნება მართალი, რომლებმაც კანონი მიიღეს დაგვიანებით და შემდეგ რეგლამენტი.

იმის თქმა, რომ კომპანიებმა წინასწარ იცოდნენ კანონის მიღების შესახებ წარმოუდგენლად არაკომპეტენტური განცხადებაა. ადამიანმა უნდა წაიკითხოს ელემენტარულად ის ტექნიკური დავალება, რაზეც არის საუბარი, რომ მიხვდეს. თუ მას არ აქვს უნარი, რომ ეს ტექნიკური დავალება გაიგოს ეს უკვე მისი პრობლემაა.

4 დეტექტორის დაყენებას სჭირდება ძალიან ბევრი პარამეტრი და სტანდარტი, რაც ფიზიკურად არავინ არ იცის ამ ქვეყანაში. არა გვყავს ამის მცოდნე, არ დაგვიყენებია. შესაბამისად, მსგავსი პრობლემები რომ შეიქმნებოდა უნდა სცოდნოდათ. ამიტომ თითის გაშვერა კომპანიებისკენ არის ძალიან არასწორი და მცდარი მიდგომა.

ვაპირებთ, პარლამენტს მივმართოთ მარტივი თხოვნით რომ, კონკრეტული დეტექტორის არ ქონის შემთხვევაში პირველი სანქცია იყოს არა დაჯარიმება, არამედ გაფრთხილება",- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

"ინფო რუსთავის" საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს საქართველოს პარლამენტმა "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონი მე-3 მოსმენით მიიღო.

კანონპროექტზე რუსთაველმა ეკოაქტივისტთა ჯგუფმა "გავიგუდეთ" და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთობლივად იმუშავეს, რომელიც გარემოს დამაბინძურებელი საწარმოებისთვის ახალი სანქციები დაწესებას და საჯარიმო თანხის გაზრდას ითვალისწინებს. მისი აღსრულება 1 ივნისიდან დაიწყება.