გაიკეთებენ თუ არა ვაქცინას რუსთაველი სასულიერო პირები

2021-05-11 18:02:24

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ვაქცინაცია აქტიურ ფაზაში შედის და უკვე გამოჩნდნენ სასულიერი პირებიც, რომლებმაც თბილისში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსთაველი სასულიერო პირები, აპირებენ თუ არა ისინი კორონავირუსის წინააღმდეგ აცრას.

აღნიშნული კითხვით "ინფო რუსთავი" რუსთავში მოქმედი რამდენიმე ტაძრის წინამძღვარს დაუკავშირდა.

აღმოჩნდა, რომ სასულიერო პირების დიდ ნაწილს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს.

გადაწყვეტილება არ მიუღია რუსთავის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ სერგი კასრაძეს. როგორც მან საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, მოიქცევა ისე, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

"ჯერჯერობით არაფერს არ ვგეგმავ, სანამ ჩვენი პირველი პირი არ მოგვცემს კურთხევას. ახლა გვაქვს ასე, გინდა გაიკეთე, გინდა არა, ჩვენს ნებასურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ მირჩევნია მის მაგალითს მივბაძო და როგორც თვითონ გააკეთებს, ისე მოვიქცე მეც. რომ მეკითხება მრევლი ასე ვპასუხობ, თქვენი ნებაა", - განუცხადა "ინფო რუსთავს" დეკანოზმა სერგი კასრაძემ.

მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლების გადაწყვეტილებას ელოდება რუსთავის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პაატა თავართქილაძეც.

"არის მაღალი იერარქია, რომელსაც უნდა შევხედოთ, რას იტყვიან და როგორ იტყვიან. გადაწყვეტილი არ მაქვს მიღებული ჯერ", - აცხადებს სასულიერო პირი.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის წინააღმდეგი არ არის რუსთავის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა შალვაშვილი. მისი თქმით, თუკი ეს აუცილებელი იქნება და ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, აცრას აუცილებლად გაიკეთებს.

"ჯერ არ მიფიქრია გავიკეთებ თუ არა. გააჩნია, როგორ ჩამოყალიბდება, რა პრეპარატი იქნება და რამდენად სანდო, რა შედეგები, რა უკუჩვენებები ექნება, მაგის მიხედვით გადავწყვეტ გავიკეთო თუ არა. ფაიზერზე ამბობენ კარგიაო, მაგრამ რამდენად კარგი შედეგი ექნება არავინ იცის ჯერ, რადგან ახალი დანერგილია ეგეც. თუ საჭირო და აუცილებელი იქნება, რატომაც არ ავიცრები. აცრა რისთვისაა, ასე ვიცრებოდით წითელაზეც და ა.შ. მე გადატანილი მაქვს კოვიდი და ვიცი რაც არის ეს. თუ საჭიროება იქნება და სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ვიღაცას არ გადავდო, არ დავაინფიცირო, იმ შემთხვევაში ავიცრები, რა თქმა უნდა", - აცხადებს ტაძრის წინამძღვარი.

ვაქცინაციის წინააღმდეგია რუსთავის ხარების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი. მისი განცხადებით, ვაქცინის გაკეთებას სხვადასხვა მიზეზის გამო არ აპირებს.

"არ ვგეგმავ ვაქცინაციის ჩატარებას. მიმაჩნია, რომ არავინ არაფერი იცის ამ ვაქცინის შესახებ არც აწმყოში და არც მომავალში. არ არის ის შესწავლილი. არის ბევრი ისეთი შეკითხვა, რომელიც სახიფათო პასუხს შეიცავს. კონკრეტულად, გამრავლებაზე, სისხლის შედედებაზე და ა.შ. ამიტომ მიმაჩნია, რომ არ მჭირდება. ახალი შტამები ჩნდება, იმ შტამების საწინააღმდეგოდ თუ იქნება მდგრადი? რა თქმა უნდა, არ იქნება. თუ ვაქცინა უნდა გაიკეთოს ადამიანმა და მერე ისევ პირბადით უნდა იაროს, დისტანცია დაიცვას, მაშინ რა საჭიროა. და კიდევ, კაცი რომ აიცრება, იმას ჩემი რაღატომ უნდა ეშინოდეს, აუცრელის. რადგანაც ასეთი ამბებია, მე ვთვლი, რომ არ არის საჭირო ვაქცინაცია ჩავიტარო. ვისაც უნდა აიცრება, ვისაც არ უნდა - არა", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა.

ვაქცინაციის საკითხზე ჯერ არ უფიქრია რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით დავითაშვილს.

"მაგ თემასთან დაკავშირებით საერთოდ არ მიფიქრია არასდროს. მრევლი რომ მეკითხება რა გავაკეთოთ, მე სინოდის გადაწყვეტილებას ვეუბნები. ადამიანს თავისუფალი ნება აქვს, ნებაყოფლობითია", - აცხადებს ტაძრის წინამძღვარი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები