"ცოტა გავითიშე, ერთ რაღაცაზე ვფიქრობ..."

2021-05-06 12:53:56

ნამოხვანში გაუჩინარებული რუსთაველი ახალგაზრდის ადვოკატი, 27 წლის ნიკა ანთიძის მიერ დაწერილ მოკლეტექსტურ შეტყობინებას ასაჯაროებს.

ანთიძის ოჯახის უფლებადამცველი, გიორგი ჭოჭუა ამბობს, რომ მდინარეში გაუჩინარებამდე ბიჭმა შეტყობინება სოციალურ ქსელში, საკუთარ თავს გაუგზავნა.

წერილში ახალგაზრდა კაცი წერს, რომ "მთავრობას სირცხვილი! გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ". 

"ინფო რუსთავი" შეტყობინების შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:

"ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალი არ არის, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაო, საახლობლო, სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.  მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი! გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს,"- წერს ახალგაზრდა მამაკაცი.

ანთიძემ  მიმდინარე წლის 10 მარტს საკუთარი მობილური ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს დაუტოვა და დაუბარა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა, რის შემდეგაც ადიდებულ მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.