რუსთავში პროტესტის მე-5 დღე დასრულდა

2021-05-01 22:57:42

"რუსთავის აზოტის" გაფიცულმა თანამშრომლებმა ადმინისტრაციის წინადადებაზე უარი განაცხადეს.

საწარმოს ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინიციატივით, ყველა დასაქმებულს, ვისაც 1000 ლარამდე ხელფასი აქვს ანაზღაურება 250 ლარით გაეზრდებოდა, ხოლო 1000-დან 1500-მდე ხელფასის მქონეებს 125 ლარით.

ამ წინადადებამ გაფიცულთა მოსაზრებები გაყო. ნაწილისთვის შეთავაზება მისაღები იყო, მეორე ნაწილისთვის კი მიუღებელი.

ხელფასის ზრდის სისტემის დეტალებზე სასაუბროდ ხელმძღვანელებთან რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები, რის შემდეგაც მოსაზრებებს სხვა გაფიცულებთან აჯერებდნენ. საბოლოოდ "რუსთავის აზოტის" თანამშრომლებმა წინადადებაზე უარი თქვეს.როგორც პარლამენტში რუსთაველმა დეპუტატმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა, რომელიც შეხვედრებს ესწრებოდა, "ინფო რუსთავს" განუცხადა,  მისი შთაბეჭდილებით, კომპანიის მხრიდან ეს არის ბოლო შეთავაზება და ამის შემდეგ, შესაძლოა, კომუნიკაცია გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის შეწყდება.

გაფიცულები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება და აქცია ხვალ დილიდან ისევ საწარმოს ცენტრალურ შესასვლელთან განახლდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები