“რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლები საწარმოს ხელმძღვანელების მხრიდან კონკრეტულ წინადადებას ამ დრომდე ელოდებიან. საპროტესტო აქცია “აზოტის” ცენტრალურ შესასვლელთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეებმა “ინფო რუსთავს” განუცხადეს, კომპანიის მხრიდან მათთან კომუნიკაციაზე ჯერჯერობით არავინ გამოსულა.
ინფორმაციისთვის, “რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც მედიატორების ჩართულობით გუშინ 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიატორებმა, რუსთავის მაჟორიტატმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და პარლამენტის რუსთაველმა წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების ფორმატიდან გადიან. პარლამენტარების თქმით, კომპანიაში აცხადებენ, რომ თავიანთ თანამშრომლებთან საუბარი მარტო სურთ.
დეპუტატების ინფორმაციითვე, საწარმოს ხელმძღვანელი პირები გაფიცული მუშებისთვის კონკრეტული წინადადების შეთავაზებას დღეს გეგმავენ.
“აზოტის” თანამშრომლებს სურთ, მოლაპარაკებები პროფკავშირების ჩართულობით გაგრძელდეს, რაზეც საწარმოს ადმინისტრაცია უარს აცხადებს.
შეგახსენებთ, „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები მეხუთე დღეა ხელფასების 50 %-ით გაზრდას ითხოვენ და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ, მათ საწარმოს ცენტრალური შესასვლელი ბლოკირებული აქვთ.
2000-მდე მუშა გაფიცულია, რამაც ,,აზოტის" წარმოების სრული გაჩერება გამოიწვია. დღეისათვის ,,რუსთავის აზოტში“ მხოლოდ ჟანგბადის საამქრო ფუნქციონირებს.