საწარმოს ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებები განახლდა [photo]

2021-04-30 14:01:37

“რუსთავის აზოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტში რუსთაველი დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი მივიდნენ.

დეპუტატების მედიაციით, დღეს საწარმოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.

შეხვედრაზე შესვლამდე პარლამენტარებმა აქციის მონაწილეებს კომპანიის პოზიციები გააცნეს და მათი საპასუხო განცხადებებიც მოისმინეს.

მედიატორების თქმით, საწარმოს ხელმძღვანელი პირები რამდენიმე დღეს ითხოვენ და კონკრეტულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენით მოუმატებენ თანამშრომლებს ხელფასებს, სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ გააჟღერებენ.

მათივე ინფორმაციით, მუშაობა ხელფასების მატების კონკრეტულ მექანიზმებზე მიდის. როგორც დეპუტატები აცხადებენ, ერთ-ერთი ვარიანტია ეტაპობრივად ანაზღაურების მომატება იმ პირებისთვის, რომელთა ხელფასებიც 1000 ლარზე ნაკლებია.

აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ მათი პოზიცია უცვლელია და ხელფასების მატებას საწარმოს ყველა მუშისთვია 50%-ით ითხოვენ.

გაფიცულმა თანამშრომლებმა ასევე მოითხოვეს მოლაპარაკებებში საინიციატივო ჯგუფის ჩართულობა. აღნიშნულ მოთხოვნას ალექსანდრე დალაქიშვილი ამ წუთებში აცნობს საწარმოს ხელმძღვანელებს.

გაფიცული თანამშრომლები პასუხს ელიან. ჯერჯერობით მათთან ერთადაა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძეც.