გაეზრდებათ თუ არა აზოტის თანამშრომლებს ხელფასები

2021-04-29 23:03:07

“რუსთავის აზოტის” გაფიცულ თანამშრომლებსა და საწარმოს ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების მეორე ეტაპი დასრულდა.

დიალოგი რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძისა და პარლამენტის რუსთაველი წევრის, ალექსანდრე დალაქიშვილის მედიაციით ამჯერად თბილისში გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ “ინფო რუსთავს” საშუალება ჰქონდა ერთ-ერთი მედიატორი, ალექსანდრე დალაქიშვილი ექსკლუზიურად ჩაეწერა.

როგორც დალაქიშვილმა აღნიშნა, საწარმოს ხელმძღვანელების თქმით, კომპანია მზადაა, თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდოს, თუმცა 50%-ით არა.

პარლამენტის რუსთაველი წევრის თქმითვე, საწარმოს გაჩერებამ მოლაპარაკებების პროცესი შეაფერხა.

“ადმინისტრაცია ამბობს, რომ ვადები დაარღვიეს მიმწოდებლებთან და უკვე საჯარიმო სანქციებზე გადიან, რამაც გაართულა მოლაპარაკებების პროცესი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, რომ თანამშრომლებისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფთან ერთად გადავიდეთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე.

კომპანია მზაობას გამოთქვამს, ხალფასების მატებასთან დაკავშირებით, მაგრამ ქარხნის გაჩერებამ უფრო გაგვირთულა სიტუაცია. ცალსახად იძახიან, რომ ხელფასებს 50%-ით ვერ მოამატებენ, მაგრამ იქნება გონივრული მატება.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკება შედგეს და მეტნაკლებად გონივრულ მატებაზე იყოს საუბარი. გვინდა სამუშაო, კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს მოლპარაკებები და არა აქციების ფონზე. მაქსიმალურად ვეცდებით რომ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების პოზიციები დავაახლოვოთ.

ახლა ხიდია ჩატეხილი დასაქმებულებსა და ადმინიტრაციას შორის, კომუნიკაცია არაა. არ გვაქვს იმედი, რომ ხვალ იქნება კონკრეტიკა, თუმცა მთავარია, სამუშაო ფორმატში მოლაპარაკებები დაიწყოს. ეს კომუნიკაცია უნდა აღვადგინოთ, რათა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, კონკრეტიკაზე.

ჩვენ აზოტის თანამშრომლების თხოვნით ჩავერთეთ მოლაპარაკებებში. ვეცდებით მაქსიმალურად დავიცვათ მათი პოზიცია. გვაქვს მოლოდინი რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საწარმოს ხელძღვანელობა ადეკვატურ ნაბიჯს გადადგავს”, - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ალექსანდრე დალაქიშვილმა.

არსებული ინფორმაციით მოლაპარაკებები აზოტის ხელმძღვანელობასა და დასაქმებულებს შორის ხვალ განახლდება.

“რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლები უკვე მესამე დღეა ხელფასების მინიმუმ 50%-იან ზრდას ითხოვენ.

შეგახსენებთ რომ, “რუსთავის აზოტი” გუშინ საღამოს შემდეგ გაჩერებულია. საწარმოში მხოლოდ და მხოლოდ ჟანგბადის საამქრო აგრძელებს მუშაობს.