გაძვირებული სესხები

2021-04-29 14:12:19

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის მაქსიმალური ნიშნულია. სებ-ის ეს გადაწყვეტილება მკვეთრად გაზრდილმა ინფლაციამ განაპირობა, რადგან მარტში ინფლაციის ნიშნული 7.2%-მდე გაიზრდა, რაც მიზნობრივ 3%-იან ინფლაციას 2.4-ჯერ აღემატება.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, საქართველოში 124,700 მსესხებელს საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება. ამ მსესხებელთა კრედიტების ჯამური მოცულობა 7.4 მილიარდი ლარია, მათ შორის 2.4 მილიარდი ლარი იპოთეკური სესხებია. ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, ცვლად განაკვეთზე ქართულ საბანკო სისტემაში გაცემული ლარის სესხების 48% მოდის.

"2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაიზარდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7.4 მილიარდი ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 მარტიდან 1 აპრილამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა უცვლელია (124.7 ათასი), ხოლო მთლიანი პორტფელი - 7.3 მილიარდიდან 7.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

124700 ხელშეკრულებიდან 36200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 983.7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილის მდგომარეობთ 13.14% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 56300 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.83%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2.7 მილიარდი ლარია.

28100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 მარტთან შედარებით 600-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3477.1 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1099.6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.02%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აპრილის მონაცემებით 2377.5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.60%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აპრილის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.5 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.09%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 100.4 მილიონი ლარია.

1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 15.07%.

1 აპრილის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა უცვლელია. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14.61%-დან 15.07% -მდე ხოლო, შემცირებულია ავტო სესხზე - 15.86%-დან 14.09%-მდე,"- ნათქვამია მიმოხილვაში.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. ორგანიზაციის შეფასებით, სებ-მა ფასების სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არჩევანი ინლფაციის შემცირების სასარგებლოდ გააკეთა.

"როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი ორი ალტერნატივიდან, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ფასების დონის შენარჩუნება, ამ უკანასკნელს ირჩევს და მონეტარული კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ამითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება და ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებიც აგვიანებს (ვაქცინაციის პრაქტიკული ჩავარდნა), ინფლაციის მიმდინარე (მარტის) მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7.2%-ით განისაზღვრა, სადაც უკვე სრულიად არის ასახული ფასების ზრდის ეფექტი, განსხვავებით წინა მაჩვენებლებისა, სადაც კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო ინფლაციაზე სრული დაწოლა არ აისახებოდა.

მიმდინარე მონაცემი საფუძველს იძლევა, რომ ინფლაციური პროცესების და შესაბამისად, ინფლაციური მოლოდინების გაძლიერება გარდაუვალია. განსაკუთრებით მას შემდეგ, გლობალურ ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდა დაიწყო, ხოლო მარტში ლარი დოლართან მიმართებაში წინა თვესთან შედარებით 3.6%-ით გაუფასურდა. ინფლაციის საბაზო დონის ეფექტი (სუბსიდირების გამო) გაძლიერებული იქნება მთლიანი წლის მანძილზე, მონეტარული პოლიტიკის წინა სხვდომაზე ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4.5%-ით განსაზღვრული, ხოლო მიმდინარე პროგნოზით 6.5% -ით განისაზღვრება,"- ნათქვამია "საზოგადოება და ბანკების" შეფასებაში.

RUSTAVI