"თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან, გაჟღერდა მუქარა"

2021-04-28 18:02:23

"რუსთავის აზოტი" გაფიცული თანამშრომლების ნაწილთან გამართულ მოლაპარაკებებზე განცხადებას ავრცელებს.

"ინფო რუსთავი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"2021 წლის 28 აპრილს, სს „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობა, შეხვდა გაფიცული თანამშრომლების ნაწილს, მათი მოთხოვნის შესაბამისად. შეხვედრის მიზანი იყო გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების გაცნობა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გამოსავლის მოძებნა. სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში შეხვედრის წარმართვა, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა.  

გაფიცულ თანამშრომელთა ნაწილის  მხრიდან, არაერთგზის (მათ შორის შეხვედრაზეც) გაჟღერებული იქნა საწარმოს უწყვეტი სამუშაო პროცესის ხელის შეშლის მუქარა. სს „რუსთავის აზოტი“ აცხადებს, რომ უწყვეტი სამუშაო პროცესისთვის ხელის შეშლა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას - საბოტაჟს, და ნებისმიერი პირის მხრიდან ასეთი ქმედების მცდელობის შემთხვევაში, კომპანია გამოიყენებს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებებს.

გაფიცულ თანამშრომელთა მხრიდან სათანადო მზაობის შემთხვევაში, კომპანია კვლავაც მზად არის გააგრძელოს მათთან ერთად კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მუშაობა და შეხვედრები შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნის მიზნით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა "რუსთავის აზოტის" თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდაა.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ხელმძღვანელობასთან გამართულ მოლაპარაკებებზე მოთხოვნაზე მტკიცე უარი მიიღეს. გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და საწარმოს სრულად გაჩერებას აანონსებენ.