დაჯარიმდებით თუ არა სასაფლაოზე გასვლის შემთხვევაში 2000 ლარით

2021-04-28 12:18:01

"ამას გააკონტროლებს და მონიტორინგს აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიციელები, ღირსეული ადამიანები, ყველასთან იქნებიან ძალიან მოკრძალუბულები. იქნება მხოლოდდამხოლოდ თხოვნა...", - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კითხვას, დაჯარიმდებიან თუ არა მოქალაქეები სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გასვლის შემთხვევაში. 

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სოფლებში ადამიანებს საფლავებზე გასვლას არავინ აუკრძალავს.

„ბრწყინვალე შვიდეული დიდი ხნის ტრადიციაა, ორშაბათ-სამშაბათს გავდივართ საფლავზე და პატივს მივაგებთ ჩვენს მიცვალებულებს. ამავე დროს გვაქვს ტრადიცია, რომელიც მთლად მოსაწონი არ არის. იქ იშლება სუფრა, მიიღება ალკოჰოლი, გარკვეულ შემთხვევებში გადაჭარბებითაც.

არავინ უშლის ადამიანებს მთელი კვირის განმავლობაში ერთი-ორი ადამიანი მივიდეს საფლავზე და დაანთოს სანთელი. განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება არასასიამოვნო ტრადიციაზე, რაც გვაქვს და ეს არის სუფრის გაშლა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.