რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის თქმით, რუსთავში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების დეფიციტი არ არის.
ბეგაშვილი "ინფო რუსთავთან" საუბრისას არ აკონკრეტებს, რამდენი სწრაფი ტესტი აქვს ამ დროისთვის ქალაქს მარაგში, თუმცა ამბობს, რომ კორონავირუსზე გამოკვლევასთან დაკავშირებით პრობლემა არავის არ ექმნება და მოქალაქეებს როგორც ანტიგენზე დამყარებული, ისე "პისიარ" ტესტირებები უტარდებათ.
"სწრაფი ტესტები ამჟამად არის. უბრალოდ, ჩანაცვლებულია პაციენტების გარკვეულ კატეგორიაზე პისიარით. ტესტის ჩატარების პრობლემა რუსთავში არ არსებობს, პისიარით იქნება თუ სწრაფი ტესტით, პაციენტი უკან არ გაბრუნდება, სადაც საჭიროა ტესტის ჩატარება", - აცხადებს დავით ბეგაშვილი.
სწრაფი ტესტების დეფიციტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ უარყოფს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აცხადებს, რომ სწრაფი ტესტები ქვეყანაში 27 აპრილს ჩამოვა.
"27 აპრილს ველოდებით კორეიდან დამატებით ტვირთს სწრაფ ტესტებთან მიმართებაში. თავდაპირველად ჩამოვა 1 მილიონის ოდენობის ტესტი, ხოლო შემდეგი ტვირთი ჩამოვა უახლოეს მომავალში ნახევარი მილიონის ოდენობით. დღეს ქვეყანაში არის 400 ათასი PCR ტესტი, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ტესტირების ის მოცულობა, რომელსაც დღესდღეობით დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებს, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სრულად იყვნენ ჩვენი მოქალაქეები უზრუნველყოფილი", - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.